ბაიერნი, ბაიერი (Bayern) ფრიდრიხ (თედორე) სამუელის ძე (8.X.1817, ტრანსილვანიის კრონშტადტი, – 26. II. 1886, თბილისი), ავსტრიელი ნატურალისტი და არქეოლოგი, კავკასიის მუზეუმის ფონდების ერთ-ერთი ფუძემდებელი.
1849-იდან მოღვაწეობდა კავკასიაში. 1855 დასახლდა თბილისში და დიდუბეში გახსნა „ნატურალისტ ბაიერნის მუზეუმი“. 1859– 63 იყო კავკ. მუზეუმის საბუნებისმეტყველო განყ-ბის კურატორი. გეოლ., ბოტან. და ენტომოლოგიური მასალის შეგროვების მიზნით მოიარა სომხეთი, დაღესტანი და თითქმის მთელი საქართველო. მისი შეკრებილი მასალის მიხედვით აღწერეს მეცნიერებისათვის მანამდე უცნობ მცენარეთა რამდენიმე სახეობა. ზოგიერთს ბ-ის სახელი ეწოდა. 1868 ბ-მა თავისი კოლექცია (32686 ექსპონატი) გადასცა ახლად გახსნილ კავკასიის მუზეუმს. არქეოლოგიით დაინტერესდა 1859, როდესაც არარატის ფერდობზე, იგდირთან აღმოაჩინეს ურარტული ლურსმული წარწერები. სიცოცხლის ბოლო 20 წელი არქეოლ. კვლევას მოახმარა. აფხაზეთში აღმოაჩინა დოლმენები; გათხარა ადრინდ. შუა საუკ. სამაროვნები შავი ზღვის პირას, სართიჭალასა და დუშეთთან; გვიანდ. ბრინჯაოს ხანის სამაროვანი „რედკინ ლაგერი“ დილიჟანის ხეობაში; არქეოლ. ძიება ჩაატარა ყაზბეგში, ურბნისსა და ნიჩბისში.
1872 დაიწყო სამთავროს სამაროვანის გათხრა, სადაც გამოავლინა გვიანდ. ბრინჯაოს, ადრინდ. რკინის, ანტიკური და ადრინდ. ფეოდალური ხანის სამარხები და, აგრეთვე, მინის საწარმოს ნაშთი. გათხრების ანგარიშებს აქვეყნებდა რუსულად (თბილისში), გერმანულად (ბერლინსა და ვენაში) და ფრანგულად (ლიონში).
ბ-ის გათხრებით მსოფლიო მეცნიერება პირველად გაეცნო საქართველოს არქეოლ. სიძველეებს. განათხარის ბაიერნისეულ დათარიღებას და ისტ. გააზრებას სამართლიანად აკრიტიკებდნენ იმდროინდელი ქართვ., რუსი და ევრ. მეცნიერები.
თხზ.: „Redkin-Lager”, , Berlin, 1882; Neue Ausgrabungen in Samthawro, იქვე; Untersuchungen über die ältesten Gräber und Schatzfunde in Kaukasien, B.,1885; О древних сооружениях на Кавказе, «Сборник сведений о Кавказе», 1871, т. 1; Исследование древних гробниц близ Мцхета, იქვე, 1872, т. 2.
გ. ლომთათიძე
ი. გაგოშიძე