ბაინდურაშვილი აკაკი გიორგის ძე (10. II. 1924, კასპი, – 2003, თბილისი), ფსიქოლოგი. ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1970).
დაამთავრა თსუ-ის ფილოს. ფაკ-ტი (1951). დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტის მეცნიერ-მუშაკი (1954 – 60), თსუ-ის დოცენტი (1960 – 68), თსუ-ის ასაკობრივი და პედ. ფსიქოლ. კათედრის გამგე (1980-იდან). კვლევით მუშაობას ეწეოდა ზოგად, საინჟინრო, შემოქმედების, ასაკობრივ და პედ. ფსიქოლოგიაში. მრავალმხრივ დაამუშავა სახელდების პრობლემა, მისი ზოგადფსიქოლ. და საინჟ. ფსიქოლ. ასპექტები, შეიმუშავა მეტყველებითი ნიშნის ფსიქოლ. თეორია. იყო ყველა საკავშ. ფსიქოლოგთა ყრილობისა და მრავალი საკავშ. კონფერენციის, ფსიქოლოგთა XIX, XXI და XXII საერთაშ. კონგრესების მონაწილე ბ-ის მონოგრაფიამ „სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია“ მიიღო თსუ-ის პირველი პრემია (1971).
თხზ.: სახელდების ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, თბ., 1971; მსახიობი და სიტყვის გრძნობა, კრ.: თეატრმცოდნეობითი ძიებანი, ტ. 8 – 9, თბ., 1978 – 79; სიტყვის ბგერითი მხარისა და მნიშვნელობის ურთიერთშესატყვისობის მნემური ღირებულება. «თსუ შრომები». 1981, ტ.222; განწყობის თეორიის ერთი პოსტულატის შესახებ, იქვე, 1986, ტ. 255; Некоторые характерные особенности речевого знака в аспекте проблемы реальности бессознательного психического, კრ.: Бессознательное: Природа, Функции, методы исследования, т. 3, Тб., 1978.
გ. მჭედლიშვილი