ბარამიძე ალექსანდრე გიორგის ძე [27. III. (9. IV). 1902, სოფ. ჯუნჯუათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 30. XII. 1994, თბილისი], ლიტერატურათმცოდნე. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960). ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1936), პროფესორი (1936), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1943).
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1925). იყო თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის დეკანი (1944–45), პრორექტორი (1945–49), საქართვ. მეცნ. აკად. საზ. მეცნ. განყ-ბის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი (1952–55), თსუ-ის ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის კათედრის გამგე (1962–70), საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის ინ-ტის დირექტორი (1966–85), ამავე ინ-ტის დირექციის მრჩეველი 1985-იდან. 1968–89 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ჟურნალ „მაცნეს“ (ენისა და ლიტ-რის სერია) მთავარი რედაქტორი; იყო ვეფხისტყაოსნის აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის მთავარი რედაქტორი (1973) და ხელმძღვანელი (1992); კითხულობდა ლექციების კურსს თსუ-ში, ქუთ., გორის და თბილ. პედ. ინ-ტებში.
ბ-მ მეცნ. მოღვაწეობა დაიწყო 1925-იდან, მან დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართ. ფილოლ., კერძოდ, ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებაში. მისი კვლევა-ძიების უმთავრესი უბანია ძვ. ქართ. მწერლობა (V–XVIII სს.), უპირატესად – XI–XVIII სს. ქართ. საერო მწერლობა. კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძესთან ერთად ბ-მ საფუძველი ჩაუყარა ძვ. ქართ. ლიტ-რის ისტორიის ერთიანი მეცნ. კურსის შექმნა-ჩამოყალიბებას (1954–69). მან მნიშვნელოვანი გამოკვლევები მიუძღვნა შოთა რუსთველის, ჩახრუხაძის, შავთელის, თეიმურაზ I-ის, არჩილ II-ის, ს.-ს. ორბელიანის, დ. გურამიშვილის, ბესიკის და სხვ. შემოქმედებას. დიდი ღვაწლი მიუძღვის სხვა ხალხებთან კულტ.-ლიტ. ურთიერთობათა შესწავლაში. ამ მხრივ ცნობილია მისი გამოკვლევები ქართ.-ევრ., ქართ.-რუს., ქართ.-აზერბ., ქართ.-სომხ. ურთიერთობებზე; განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართ.-სპარს. ლიტ. ურთიერთობების საკითხების კვლევას. ცალკეული წერილების გარდა, მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები „შაჰ-ნამეს“, „ვისრამიანის“ და „ქილილა და დამანას“ ქართ. ვერსიებზე. ერთ-ერთმა პირველმა გაარკვია „ამირანდარეჯანიანის“ ორიგინალობის საკითხი, „რუსუდანიანის“ ლიტ. წყაროები, „ქილილა და დამანას“ ქართ. რედაქციების თავისებურებანი, რ-ებიც უკავშირდება ვახტანგ VI-ისა და სულხან-საბა ორბელიანის სახელებს. ბ-მ მრავალი გამოკვლევა უძღვნა რუსთაველსა და ვეფხისტყაოსანს. რუსთველოლოგიური პრობლემატიკიდან არ დარჩენილა თითქმის არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რ-ის შესახებაც თავისი სიტყვა არ ეთქვას. ყველაფერი ეს კი შეჯამებულია მონოგრაფიაში „შოთა რუსთველი და მისი პოემა“ (1958, 1966, 1974). მან არაერთი წერილი თუ ნარკვევი მიუძღვნა ახ. და უახლესი ქართ. ლიტ-რის წარმომადგენლებს (ნ. ბარათაშვილი, ი. ჭავჭავაძე, ი. გრიშაშვილი, გ. ლეონიძე, ს. ჩიქოვანი, ი. აბაშიძე). ეწეოდა აქტ. საზ. მოღვაწეობასაც. 1965–86 იყო საქართვ.-უნგრ. მეგობრობის საზ-ბის თავ-რე, საქართვ. საისტორიო საზ-ბისა და საქართვ.-უნგრ. ასოციაცია „ხიდის“ საპატიო წევრი (1995-მდე). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, აგრეთვე ივ. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძისა და ი. ჭავჭავაძის სახ. პრემიები.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
თხზ.: ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1–9, თბ., 1945–93; ახლო წარსულიდან (მოგონებანი), ტ. 1–2, თბ., 1987–93.
ლიტ.: ლიტერატურული ძიებანი (ეძღვნება ალ. ბარამიძის დაბადების 80 წლისთავს), თბ., 1983; ალექსანდრე ბარამიძე. ბიობიბლიოგრაფია, თბ., 1988.
ს. ცაიშვილი
გ. შარაძე