ბაიყუში

ბაიყუში, ჭაობის ბუ (Asio flammeus), ფრინველი ბუსნაირთა (Strigiformes) რიგისა.

გვხვდება ევრაზიაში, ჩრდ.-დას. და სამხრ. აფრიკაში, მადაგასკარზე, ამერიკაში. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ მცირერიცხოვანია.

ადგილობრივ პოპულაციას მიმოფრენის პერიოდში (გაზაფხული, შემოდგომა) უერთდებიან უფრო ჩრდ-ით მობუდარი ინდივიდები. ბინადრობს ჭაობებში, ჭალებში, მდინარეთა ნაპირებზე და სხვ. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დედალი აპრილში დებს 3 – 5 (10-მდე) კვერცხს, რ-თა ინკუბაცია გრძელდება 1 თვემდე.

იკვებება მღრნელებითა და სხვა წვრილი ხერხემლიანებით, მწერებით. სასარგებლო ფრინველია.

რ. ჟორდანია