ბარამიძე ნოდარ ხასანის ძე (დ. 2. VI. 1946, გონიო), ფსიქოლოგი, ფსიქოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996). დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკ-ტი ფსიქოლ. სპეციალობით (1969). მუშაობდა დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტში. ხელმძღვანელობდა ინ-ტის პედაგოგიური ფსიქოლ. ქუთაისის ლაბორატორიას (1976-80). 1980-იდან მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. პედ. ინ-ტში (ამჟამად უნ-ტი). ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის კათედრას (1990–2005), შემდეგ ‒ პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის დეპარტამენტს. იყო უნ-ტის პრორექტორი. ამჟამად უნ-ტის ემერიტუს პროფესორია. არის ასევე საქართვ. განათლების მეცნ. აკად. წევრი.
ბ-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი ობიექტია ნებელობითი ქცევა. ამ კვლევაში იგი ეყრდნობა დ. უზნაძის და შ. ჩხარტიშვილის შეხედულებებს და ცდილობს მათ ერთგვარ სინთეზირებას. სისტემატურად სწავლობს შორეული მოტივაციის პრობლემატიკას. ბ. ისტორიული ფსიქოლოგიის საკითხების მკვლევარიცაა. კერძოდ, შესრულებული აქვს საბჭოთა ეპოქის ლიდერების ფსიქოლოგიური დახასიათება. ბ-ის კვლევით ინტერესებში შედის ასევე განწყობის თეორიის, სწავლის, სახელდების, აქსელერაციის და სხვა საკითხები. მასვე ეკუთვნის მრავალი პუბლიცისტური ნაშრომი მეცნიერულ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე.
თხზ.: შორეული მოტივაციური ქცევა და სწავლა. ბათ., 1995; ფსიქოლოგიური ნარკვევები, ბათ., 1999; ფსიქოლოგიური პორტრეტები. ბათ., 2003; აქსელერაცია და შორეული მოტივაციური ქცევა. ბათ., 2008; ნებისყოფის ფსიქოლოგიის საკითხები. ბათ., 2019.
ი. იმედაძე