ბაკურ II

ბაკურ II, მატიანე „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, ქართლის 28-ე მეფე, მეფე მირიანის ძის რევის შვილი.

მეფობდა მირიანის გარდაცვალების შემდეგ, IV ს. II ნახევარში. „ქართლის ცხოვრებაში“ ბ. II იხსენიება არაბიზებული ფორმით ბაქარ, წარმოდგენილია ქართლის 25-ე მეფედ და მეფე მირიანის ძედ. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, უფლისწულობაში ბ. II იმპ. კონსტანტინეს წაუყვანია მძევლად ბიზანტიაში, ქართლის გაქრისტიანების შემდეგ კი სამშობლოში დაუბრუნებია.

ქართლში გამეფების შემდეგ ბ. II-მ ქრისტიანად მოაქცია იმ კავკასიელთა უმრავლესობა, რ-ებიც მამამისს გაუქრისტიანებელი დარჩა. ბ. II-ს მტრობა ჰქონდა სომხებთან, რ-ებიც ცდილობდნენ ქართლის სამეფო ტახტზე ბაკურის ძმის რევისა და თრდატ სომეხთა მეფის ასულის სალომეს შვილის გამეფებას. მაგრამ ბ. II-მ შეძლო სომხების დამარცხება ჯავახეთში და მათი განდევნა. ამის შემდეგ ბ. II-მ სპარს. და ბიზანტ. მეფეების შუამდგომლობით თავის ძმისწულებსა და რძალს სალომეს შემდეგი შინაარსის ხელწერილი („ხელით-წერილი“) დაადებინა: ვიდრე იქნებიან ბაქარის შთამომავლები, რ-ებსაც შეეძლებათ მეფობა, რევის შთამომავლები მათ მეფობაში არ უნდა შეეცილონ. ბ. II-მ მთელი თავისი ცხოვრება „დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულნა, და განამრავლნა მღდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და რანსა ეკლესიათა მსახურებად“. როგორც „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, ისე „ქართლის ცხოვრება“ ბ. II-ს მიაწერს წილკნის ეკლესიის შენებას.

წყარო იხ. სტ-თან ბაკურ I.

ა. ბოგვერაძე