დიუბუა დე მონპერე (Dubois de Montpéreux) ფრედერიკ (1798, მოტიე, შვეიცარია, – 1850, იქვე), შვეიცარიელი მოგზაური, ბუნების მეტყველი და სიძველეთა მკვლევარი. ნევშატელის აკად. პროფესორი.
1831–34 რუს. მთავრობის ხელშეწყობით იმოგზაურა შავი ზღვის ჩრდ. სანაპიროზე, უკრაინასა და კავკასიაში. მოგზაურობის შედეგები თავმოყრილია ფრანგ. ენაზე გამოცემულ ექვსტომიან ნაშრომში „მოგზაურობა კავკასიონის გარშემო, ჩერქეზებსა და აფხაზებთან, კოლხიდაში, საქართველოში, სომხეთსა და ყირიმში" (1839–45).
საფრანგეთის გეოგრ. საზ-ბამ დ. დე მ. ზემოხსენებული ნაშრომისათვის დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვა. ნაშრომი შეიცავს მდიდარ ფაქტობრივ მასალას ჩამოთვლილი კუთხეებისა და ქვეყნების ბუნებისა და სიძველეთა შესახებ. ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ცალკეულ ხალხთა ისტ. საკითხებს, ქართ. და სომხ. ხუროთმოძღვრების ძეგლებს. გამოთქმული აქვს მოსაზრებანი ძვ. ქართ. ხუროთმოძღვრების თავისებურებათა და ისტ. განვითარების შესახებ. ხელოვნ. ისტორია, როგორც მეცნიერება, იმ დროს თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა, ხოლო ქართ. ნივთიერ კულტ. ძეგლებთან დაკავშირებული ბევრი ფაქტი და ძეგლთა თარიღები დაუდგენელი იყო. ამისა და აგრეთვე მცდარი მეთოდოლ. წანამძღვრების გამო, დ. დე მ-ს მიერ შემუშავებული კონცეფცია სრულიად ამახინჯებდა ნამდვილ ვითარებას.
მისი აზრით, ქართ. ხუროთმოძღვრება წარმოადგენდა ბიზანტ. და სომხ. განშტოებას ან ანარეკლს. რაკი მომდევნო ხანის მეცნიერები თვითონ არ იცნობდნენ ქართ. ძეგლებს და მექანიკურად იმეორებდნენ დ. დე მ-ს დასკვნებს, მისმა ნააზრევმა დიდი ხნით მოიკიდა ფეხი. არსებითად ამ მცდარი „თეორიის" დარღვევა მხოლოდ თანამედროვე ქართვ. ხელოვნ. ისტორიკოსებმა შეძლეს. თუმცა დ. დე მ-ს თხზულება გარკვეულ მნიშვნელობას მაინც ინარჩუნებს, რამდენადაც ავტორს მოცემული აქვს მას შემდეგ განადგურებული ან სახეშეცვლილი ზოგიერთი ძეგლის აღწერა და ჩანახატები.
დ. დე მ. საქართვ. და მთელი კავკ. გეოლ. აგებულების პირველი დასავლეთევროპელი მკვლევარია. მიუხედავად იმისა, რომ დ. დე მ-ს დაკვირვებებს სისტემ. ხასიათი არა აქვს (გეოლ. საკითხებს იგი გზადაგზა სხვა საკითხებთან ერთად აშუქებს), მის შრომაში მაინც ბევრი საყურადღებო საკითხია გაშუქებული.
მან პირველმა შეისწავლა საქართვ. სტრატიგრაფიის საკითხები. კავკასიონის კრისტალური გული, რ-იც დარიალის ხეობასა და აფხაზეთში აქვს გამოკვლეული, მისი დაკვირვებით, გრანიტების, დიორიტებისა და პორფირიტებისაგან შედგება და აქეთ-იქით მოჰყვება მეტამორფიზებული ფიქლები. ამრიგად, დ. დე მ-მ დაადგინა აღნიშნული ქედის სიმეტრიულობა. სამხრ-ით ფიქლების შემდეგ დ. დე მ. გამოყოფს ზედა იურულ – ქვედა ცარცული კირქვების უწყვეტ ზოლს აფხაზეთიდან ზემო იმერეთ-რაჭამდე, ხოლო შემდეგ – მესამეულ ნალექებს. მეზოზოურ და მესამეულ ნალექებში გამოყოფილი აქვს რამდენიმე წყება და ჰორიზონტი.
დ. დე მ. მთების წარმოშობის ვულკ. თეორიის მიმდევარია, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა შრომაში მოცემული ტექტონ. საკითხების განხილვაზე. ამავე დროს სწორად აქვს აღნიშნული კავკასიონის ნაოჭა სისტემის წარმოქმნის ახალგაზრდა (გვიანდ. მესამეული) ასაკი. დ. დე მ-მ აღწერა საქართვ. დანალექი წყებების განამარხებული ფაუნა. იგი კავკასიის გეოლ. კარტოგრაფირების ფუძემდებელია. შეადგინა კავკასიის პირველი გეოლ. რუკა, რ-იც მოთავსებულია მისი შრომის თანდართულ ატლასში.
საყურადღებო დაკვირვებები აქვს გეომორფოლოგიაშიც.
თხზ: Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée, v. 1–6, P., 1839–45.
ლიტ.: ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე ა., ნარკვევები გეოლოგიის ისტორიიდან, თბ., 1959; Б е р и д з е В. В., Против искажения истории грузинcкого искусства (Древнeгрузинское искусство в свете зарубежной науки), Тб., 1949.
ვ. ბერიძე
ვ. ჯავრიშვილი