ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტისა, მაღალმთის ბოტანიკური ბაღი.
მდებარეობს ბაკურიანის ქედის სამხრ.-დას. კალთებზე, ზ. დ. 1700 მ-ზე. დაარსდა 1910 კოხტაგორის დას. კალთაზე ა. როლოვისა და ა. ფომინის ინიციატივით. 1934 ბაღი საქართვ. ბოტან. ინ-ტს გადაეცა. 1937 ახ. ბაღი გაშენდა სხვაგან, დაბის ტერიტორიაზე და უკავია 17 ჰა ფართობი. ბ. ბ. ბ-ის ძირითადი დანიშნულებაა კავკ. მაღალმთიანეთის მცენარეების ინტროდუქცია, მათი აკლიმატიზაცია და დამახასიათებელი ბიოეკოლ. თავისებურებათა შესწავლა. ამავე დროს ბ. ბ. ბ. საქართვ. მეცნ. აკად. ბოტან. ინ-ტის ერთ-ერთი ექსპერ. ბაზაა. მის ტერიტორიაზე შექმნილია საცდელი ნაკვეთები და კოლექციები, რ-თა შორის აღსანიშნავია: 1. ალპურ მცენარეთა კოლექცია, სადაც მცენარეთა განლაგებას საფუძვლად უძევს ეკოლ.-გეოგრ. პრინციპი. სახეობათა და ფორმათა სიმრავლით იგი უნიკალურია. აქ თავმოყრილია კავკ. სხვადასხვა რეგიონიდან გადმოტანილი 1200-მდე სახეობა (ქარცხვი, კენკეშა, ცის ფოლიო, ბაიერნის ფურისულა, აღმოსავლური ყაყაჩო, ჯავახური და კეცხოველის ფამფარულა, მთის ბარისპირა, ფრინტა, მშვენიერი დეზურა, პონტოური ნაღველა და სხვ.). კოლექციას 1,5 ჰა უკავია. 2. ალთაის, შორეული აღმოსავლეთის, კარპატებისა და სხვა გეოგრ. ოლქების მცენარეების კოლექცია, რ-თა 300-მდე სახეობა (ამურის მიხაკი, ალთაური ია, ციმბირული ცხენისკბილა, კარპატული მაჩიტა, ალპური ღიღილო, ჰიმალაიური ასტრა და სხვ.) ბაღშია ინტროდუცირებული. 3. მერქნიან მცენარეთა კოლექცია – კავკასიის ფლორის 75 სახეობა (მაღალმთის ნეკერჩხალი, აღმოსავლური მუხა, ლიტვინოვის და მედვედევის არყი, კავკასიური სოჭი, თელა, ცაცხვი, უნგერნის შქერი და სხვ.), ეგზოტიკურ მცენარეთა 66 სახეობა (დუგლასის ცრუცუგა, ევროპული, ენგელმანის და მჩხვლეტავი ნაძვი, მანჯურიული კაკალი, ამურის ხავერდის ხე, ციმბირული ლარიქსი და სხვ.). ბაღს მჭიდრო კონტაქტები აქვს უცხოეთის ბევრ ბოტან. დაწესებულებასთან.
ა. ჯავახიშვილი