ბაკურ იბერიელი, IV ს. ბიზანტიელთა მხედართმთავარი, ფილოსოფოსი, რიტორი. ბერძნ.-ლათ. წყაროებში ხან მეფედ იხსენიება, ხან მეფის შთამომავლად.
ამ საკითხზე არც ქართველ მეცნიერთა შორისაა შემუშავებული ერთი აზრი. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბ. ი. იყო იბერიის მეფე და ამ ქვეყანაში ქრისტიანობის გავრცელების პირველი ინიციატორი. საქართველოში შექმნილი პოლიტ. ვითარების გამო ლტოლვილია ბიზანტიაში. ზოგი მას ბაკურ II-თან აიგივებს, ზოგიც ბაკურ III-თან. ალბათ უფრო მისაღებია ის მოსაზრება, რ-ის მიხედვითაც (გელასი კესარიელის ცნობა) ბ. ი. მეფის შთამომავალია მხოლოდ. ბ. ი-ს, როგორც სარდალს, მონაწილეობა მიუღია გუთების წინააღმდეგ ადრიანოპოლისა (378) და ტირან ევგენიოსის წინააღმდეგ (394) ბრძოლებში, სადაც დიდი სიმამაცე გამოუჩენია. პირველწყაროთა დახასიათებით, ბ. ი. იყო კაცი ფრიად სარწმუნო და ღვთისმოშიში, მეფის შთამომავალი და იბერთა შორის სახელოვანი (გელასი კესარიელი); ყოვლად ღირსეული როგორც რწმენითა და სათნოებით, ისე სულიერი და ხორციელი სიკეთით (გიორგი ამარტოლი); მისთვის უცხო იყო ყოველგვარი ბოროტება და იყო გაწვრთნილი საომარ საქმეებში, სარდალთა შორის უმამაცესი (ზოსიმე); იყო იგი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, სამართლიანი და ზომიერების მოყვარული (ლიბანიოსი).
ბ. ი. ბიზანტიაში დაახლოებია ცნობილ ფილოსოფოს ლიბანიოსს, მის წრეს და დიდი ავტორიტეტი დაუმსახურებია. ბ. ი-ადმი მიწერილ წერილში (392) ლიბანიოსი წერს: „... ზოგი ადიდებს შენს ზომიერებას და იმას, რომ უფრო მეტად ბრძანებლობ ვნებასურვილებს, ვიდრე ჯარისკაცებს, სხვა კიდევ აქებს შენს სიბრძნეს, შენს სულს არ მიჰკარებია არავითარი შიში რაიმე საფრთხის წინაშე. მე კი შენ ღირსებათაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება ის, რომ შენ გიყვარს ლოგოსები და ისინიც, ვინც ლოგოსებს მისდევენ“. ლოგოსები აქ ნახმარია რიტორიკული ხელოვნების მნიშვნელობით. არისტანეტესადმი წერილში კი ლიბანიოსი ბ. ი-ზე ამბობს, რომ იგი „სხეულითაც ბრწყინავს და სულიც მას ასეთივე აქვს“.
წყარო: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის და ა. გამყრელიძის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.
ლიტ.: გოზალიშვილი გ., არის თუ არა ბერძნული და ლათინური წყაროების ბაკური იბერიის მეფე? , «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1947, ნაკვ. 1; კეკელიძე კ., ქართველთა მოქცევის მთავარი ისტორიულ- ქრონოლოგიური საკითხები, «მიმომხილველი», 1926, ტ. 1; ყაუხჩიშვილი ს., გელასი კესარიელი ქართლის მოქცევის შესახებ, იქვე: მისივე, ლიბანიოსი და ბაკური, «ქუთაისის სახელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1940, ტ. 1; ხიდაშელი შ., ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზრის ისტორიიდან, თბ., 1954; მისივე, Основные мировоззренческие направления в феодальной Грузии (IV – XIII вв.), Тб., 1962; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).
გ. გოზალიშვილი