ბაკურციხე

ბაკურციხე, სოფელი გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთის რეგიონი), ალაზნის ვაკეზე, მდ. ჩალაუბნისხევის (ალაზნის მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. ცენტრი. რკინიგზის ბაქანი. ზ. დ. 440 მ, გურჯაანიდან 12 კმ. 2,6 ათ. მცხ. (2014).

ბ-სა და კარდანახს შორის აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის განძი, სამაროვანი და გორასამარხი („გორამიწა“). ბ-ის განძის შემადგენლობაში იყო ბოლოკვეთილი მახვილები, კახური სატევრები, საწვივე რგოლები, სატეხები, ცენტრ.-ამიერკავკ. ცულები და სხვ. საძიებო თხრისას ნაპოვნია შუა ბრინჯაოს ხანის შავპრიალა თასის ფრაგმენტები, რ-იც თრიალეთის სინქრონული ძეგლების მსგავსია; აგრეთვე გვიანდ. ბრინჯაოს ხანის სტილიზებული ნამგლისპირი, სარდიონის მძივები, ბრინჯაოს რგოლ-სამკაულები და ცხოველის გამოსახულება. ბრინჯაოს ნამგლებს, შესაძლოა, სასხლავადაც იყენებდნენ. სოფლის თავში აღმოჩენილია ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ. ორმოსამარხები. მიცვალებულები იწვნენ გვერდზე, ხელფეხმოკეცილნი. სამარხებში იყო ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ორნამენტიანი ჭურჭელი, ბრინჯაოს სამაჯურები და ზოგან სასაფეთქლე რგოლებიც.

ა. აფაქიძე