ბარბარობა

ბარბარობა, 1. ქრისტიანული წმინდანის ბარბარეს (ბარბალეს) სახელობის დღესასწაული. ხალხ. წეს-ჩვეულების თანახმად, იმართებოდა 4–6 დეკ. (ძვ. სტილით). ქრისტ. ბარბარეს კულტი წარმოიშვა და გავრცელდა აღმოსავლეთის მართლმადიდებელთა შორის. მის სამშობლოდ ასახელებენ ეგვიპტეს, ფრიგიას, ქ. ბაალბექს. ბარბარეს უმთავრესად თაყვანს სცემდნენ როგორც ავადმყოფთა მკურნალსა და მფარველს. ევრ. კათოლ. ქვეყნებში მიაჩნდათ ცეცხლისა და ქარიშხლისაგან მფარველ წმინდანად და მის სახელზე ზარებს სწირავდნენ, აგრეთვე იმ ხელოსანთა მფარველად, რ-თაც მუშაობისას თოფის წამლის გამოყენება სჭირდებოდათ. 2. ქართველების ერთ-ერთი უძველესი საახალწლო დღესასწაული. ქართ. ბ. წინაქრისტ. ხანის წარმოდგენებსაც შეიცავს. ქართველები ბარბოლის, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწ. წინაქრისტიანულ მზის ადგილ. ღვთაებას.

ღვთაება ბარბალეს ატრიბუტს წარმოადგენდა წრიული საგნები და სხვადასხვა სოლარული ემბლემა (რკინისა თუ მწვანე რტოებით დამზადებული წრეები, კვირისტავები, გვერგვი, კალპი, გვირგვინი და სხვ.). მორწმუნე ქართველებს იგი წარმოდგენილი ჰყავდათ როგორც ქალების, ფურების და საერთოდ ბუნების ნაყოფიერების დედური ძალების მფარველი ასტრალური ქალღვთაება. ბ-ში ასახულია ქართველთა კოსმოგონიური წარმოდგენები, რადგან ეს დღეობა ითვლეობდა ზამთრის მზებუდობის დღეობად. რიგი გადმონაშთებისა ასახავს ბარბალესა და ნიშხას, ე. ი. მზისა და ციური გველეშაპის, ანუ ნათელისა და ბნელის კოსმოგონიურ ბრძოლას. ქართველთა ძვ. კალენდარში ბარბალეს თვე უნდა ყოფილიყო წლის დასაწყისი თვე. ბ-თან დაკავშირებულია სხვადასხვა რიტუალური ლოცვა-ვედრება, შესაწირავები: რძის ფაფა, ხაჭაპურები (სვანეთში), ლობიოს და ნიგვზისგულიანი ჯვარდასახული ტაბლები, ე. წ. საბარბალო ტაბლები (ლეჩხუმში) და სხვ. ბ-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რიტუალია მეკვლეობა.

ლიტ.: ბარდაველიძე ვ., სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი, [ნაწ.] 1, ტფ., 1939; მისივე, ქართველთ უძველესი სარწმუნოების ისტორიიდან (ღვთაება ბარბარ-ბაბარ), თბ., 1941.

ი. სურგულაძე