ბარბაქაძე ჯონდო ფილიმონის ძე (13. VI. 1929, სოფ. ბოსლევი, ზესტაფონის მუნიციპ-ი, – 19. V. 2007, თბილისი), ინჟინერ-მეტალურგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1985), პროფესორი (1986), საქართვ. დამს. გამომგონებელი (1982), საქართვ. ლითონის ჩამომსხმელთა ასოციაციის პირველი პრეზიდენტი (1990).
1955 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის მეტალ. ფაკ-ტი. 1955–83 მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე. 1983-იდან იყო საქართვ. ტექ. უნ-ტის შავი და ფერადი ლითონების სამსხმელო წარმოების კათედრის გამგე. მისი ხელმძღვანელობით ათვისებულია მაღალი სიმტკიცის თუჯისაგან დიდი მასალის მაღალმდგრადი ბოყვების წარმოების პროგრ. ტექნოლოგია, შექმნილი და წარმოებაში დანერგილია ფხვნილისებრი რეაგენტებით თხევადი ლითონის დამუშავების ორიგინ. მეთოდი. აქვს მრავალი გამოგონება, მ. შ. 9 გამოგონებაზე მიღებული აქვს პატენტი. ბ-ის მიერ დამუშავებული მაღალი სიმტკიცის თუჯის „სამზონიანი“ სტრუქტურის თეორიის საფუძველზე შექმნილი მაღალი მდგრადობის ბოყვები დანერგილია რუსთავის, ვოლგოგრადის, ზლატოუსტისა და ტრშინეცის (ჩეხეთი) მეტალ. ქ-ნებში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: მეყალიბე-ჩამომსხმელი (სახელმძღვანელო), თბ., 1962.
კ. ნუცუბიძე