ბარბიუსი ანრი

ა. ბარბიუსი

ბარბიუსი (Barbusse) ანრი (17. V. 1873, ანიერი, – 30. VIII. 1935, მოსკოვი, დასაფლავებულია პარიზში, პერლაშეზის სასაფლაოზე), ფრანგი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

პირველი ნაწარმოებების გამოქვეყნების შემდეგ დაინტერესდა სოც. სინამდვილით, მთელი ყურადღება მიაპყრო ეპოქის მწვავე პრობლემებს. მოხალისედ წავიდა I მსოფლიო ომში. ერთ-ერთმა პირველმა რომანტ. საბურველის გარეშე აღწერა ომის საშინელებანი (რომანი „ცეცხლი“); 1917-ის შემდეგ დაიწყო მისი ფართო საზ. მოღვაწეობა; დააარსა საერთაშ. ჯგუფი და ჟურნ. „კლარტე“ („Clarté“), შექმნა მწვავე პუბლიც. წიგნები, გახდა ინიციატორი ომის საწინააღმდეგო კონგრესისა ამსტერდამში (1932), ანტიფაშისტური კონგრესისა პარიზში (1933), კულტ. დაცვის მსოფლიო კონგრესისა პარიზში (1935). ამ კონგრესს ესწრებოდა გ. ტაბიძე, რ-მაც არაერთხელ მოიხსენია ბ. თავისი ლექსების ციკლში. 1927 ბ-მა დეპეშა გამოუგზავნა გაზ. „კომუნისტის“ რედაქციას, რ-შიც წერდა, თუ რამდენად იყო დაინტერესებული საქართვ. საზ.-კულტ. ცხოვრებით, ლიტ-რით, ხელოვნებით, ისტორიით, ბუნებით. 1927 ოქტ-ში ქ. ვლადიკავკაზში მას შეხვდა ქართვ. მწერალთა ჯგუფი, რ-ის თანხლებით ბ. ფასანაურის გამოვლით ჩამოვიდა თბილისში, ამის შემდეგ იგი გაემგზავრა დას. საქართველოში, შემოიარა მრავალი ქალაქი და სოფელი, დაათვალიერა ღირსშესანიშნაობანი და საფრანგეთში დაბრუნებისათანავე შეუდგა ადრე ჩაფიქრებული თხზულების წერას საქართველოს შესახებ. წიგნი სათაურით „აი, რა უყვეს საქართველოს“ გამოაქვეყნა გამომც. ფლამარიონმა 1929 თებ-ში. ამავე წელს ა. ჭუმბაძემ იგი თარგმნა ქართულად და 1930 გამოსცა თბილისში. ავტორი მიმოიხილავს ქართვ. ხალხის ისტ. და კულტ. ცხოვრებას, განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება ეროვნ. საკითხს; თამარისა და რუსთაველის ეპოქის აღწერას ენაცვლება თანამედროვე საქართვ. ცოცხალი სურათები, საკუთარი თვალით ნანახისა და განცდილის შთაბეჭდილებანი.

სიცოცხლის ბოლო წლებში ბ-მა დაწერა წიგნი „სტალინი“ (1935). ბ-ის მთარგმნელთაგან ერთ-ერთი პირველი იყო თ. სახოკია, რ-მაც 1929 ქართ. ენაზე გამოსცა რომანი „ცეცხლი“ (მეორედ გამოიცა 1930).

ლიტ.: თურნავა ს., ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 1978.

მ. ტიტვინიძე