ბარდა

ბარდა (Pisum), ერთწლოვანი და მრავალწლოვანი მცენარეების გვარი პარკოსანთა ოჯახისა. გვარში გაერთიანებულია 6–7 სახეობა. კულტურაში ფართოდაა გავრცელებული ჩვეულებრივი ბ. (P. sativum), რ-იც ერთწლოვანი საზაფხულო ან საშემოდგომო მცენარეა. აქვს 30–180 სმ-მდე სიმაღლის ღერო, ფოთოლი წყვილფრთისებრია, ყვავილი თეთრი, თვითდამმტვერავი. კარგად ხარობს საკმაო აერაციისა და სუსტი მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის თიხნარ ნიადაგებზე. ნაყოფს იყენებენ კულინარიაში, ამზადებენ ბურღულს, ფქვილს, კონსერვს და სხვ. მისი საკვები ჯიშები ცხოველებისათვის მოჰყავთ.

საქართველოში გავრცელებულია უმეტესად მაღალმთიან რ-ნებში (ჯავახეთი, მესხეთი, თრიალეთი, ქვემო იმერეთის ზოგი ადგილი და სხვ.). დარაიონებული ჯიშია ახალქალაქური ბ.; სუბტროპიკულ ზონაში საკონსერვო ნედლეულად კულტივირებულია სხვადასხვა ჯიშები.