ბარდაველიძე ვერა ვარდენის ასული (17. IX. 1899, თბილისი, – 23. X. 1970, იქვე), ეთნოგრაფი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1963).
თსუ -ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტის დამთავრების (1923) შემდეგ სწავლობდა ლენინგრადში, მატერ. კულტურის აკად. ასპირანტურაში (1926–29). 1931-იდან სამეცნ.-პედ. მუშაობას ეწეოდა საქართვ. სახელმწ. მუზეუმში, ენიმკის ინ-ტში, თსუ-ის ეთნოგრ. კათედრაზე და ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში. 1965-იდან იყო ამ ინ-ტის საქართვ. ეთნოგრ. განყ-ბის გამგე.
დიდი ამაგი დასდო ხალხ. საკულტო ძეგლების მეცნ. შესწავლას. ბ-ის შრომები მიძღვნილია ქართვ. ხალხის ადრინდ. სოც.-ეკონ. განვითარებისა და სულიერი კულტურის პრობლემებისადმი (ასტრალური რწმენა-წარმოდგენები, ღვთაებათა პანთეონი, ნაყოფიერება-გამრავლებასთან დაკავშირებული კულტები და რიტუალები, ქართ. ხალხ. დღეობა კალენდარი, ხალხ. ორნამენტი, საწესო გრაფ. ხელოვნება და მრავალი სხვ.). ბ-მ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართ. საწესო გრაფ. ხელოვნებას, რ-საც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მრავალრიცხოვანი არქეოლ. გრაფ. მასალის გაშიფვრისა და გააზრებისათვის. საგანგებოდ აღსანიშნავია ბ-ის მიერ აღმ. საქართვ. მთიელთა თემის ადრინდ. კლასობრივი საფეხურის სოც.-ეკონ. ორგანიზაციის (თეოკრატია) ბუნების დადგენა, რითაც არსებითი კორექტივი შეიტანა მთაში გვაროვნ. წყობის მარადიულობის თეორიაში. ამასთანავე მან ქართველ ისტორიკოსთა შორის პირველმა დაუკავშირა წინაქრისტ. რელიგიურ რწმენა-წარმოდგენების შესწავლა ეკონ. და სოც. გარემოს და მყარ სამეცნ. საფუძველზე დაამკვიდრა წარმართობის შესწავლა ჩვენში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: გეგეშიძე მ., ვ. ბარდაველიძის ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1972, ტ. 16–17; თოდუა რ., ვ. ბარდაველიძის შრომების ბიბლიოგრაფია, იქვე; ოჩიაური თ., რუხაძე ჯ., ვერა ბარდაველიძე, თბ., 1988.
მ. გეგეშიძე