ბარდავი

ბარდავი (არაბ.–ბერდაა, სომხ.–პარტავი), ისტორიული ქალაქი ახლანდ. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ყარაბახის ველზე.

მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი ქ. ბარდიდან რამდენიმე კილომეტრზე, როგორც ჩანს, ქალაქი აქ უკვე IV ს-ში არსებობდა. V ს-ში ბ. ალბანეთის (იხ. ალბანეთი კავკასიისა) სატახტო ქალაქი გახდა, VIII ს. დასაწყისში არაბებმა დაიპყრეს. ქალაქი საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა და მსხვილი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. ბ-ზე გადიოდა ერთ-ერთი საქარავნო გზა, რ-იც თბილისს ირანთან აკავშირებდა. X ს-ში ბ. სალარიდებს ემორჩილებოდა. 1067, როცა სულთან ალფ-არსლანის ერთგული მოკავშირე, ანისის გამგებელი აბულასკარი საქართველოს შემოესია, ბაგრატ IV-მ ამის საპასუხოდ 1067–68 არანს ილაშქრა და ბ. დაარბია. 1192–93 ქართველთა ლაშქარმა კიდევ ერთხელ დალაშქრა ბ. და დიდი ნადავლი იგდო ხელთ. შემდგომ საუკუნეებში განუწყვეტელი ომების შედეგად ქალაქი დაკნინდა. XIII ს-ში თათარ-მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ბ. სოფლად გადაიქცა.

ქალაქის ადგილას შემონახულია შუა საუკ. ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლები.