ბარდისი, პარტიზი, ბარდუსი, ხევი, სოფელი და ციხესიმაგრე სამხრ. საქართველოში, ტაოში (ახლანდ. თურქ. ტერიტორია). ბ-ის ხევი მთლიანად მოიცავს ბანისწყლის (ახლანდ. ფენიაკ-ჩაი) მარცხ. შენაკადის ბარდისისწყლის (ახლანდ. ბარდუხ-ჩაი) ხეობას. ბ. პირველად იხსენიება „სომხურ გეოგრაფიაში“ (VII ს.) „პარტისაცფორის“ (ბარდისის ხევი) სახელწოდებით. XIV–XVI სს. ერთი დოკუმენტის მიხედვით, ეს ხეობა ბანის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედის. ბ-ის (ბარდუსის) ციხე და ნაჰიე (ოსმ. ადმ. ერთეული) ხშირად იხსენიება XVI–XVII სს. ოსმ. წყაროებში. ხეობის სოფლები და ისტ. ძეგლები შეისწავლა და აღწერა 1907 არქეოლ. ექსპედიციის დროს ე. თაყაიშვილმა.
ლიტ.: თაყაიშვილი ე., არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგლში 1907 წელს, პარიზი, 1938; მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, ნაწ. 2, თბ., 1980; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
ა. თორდია