ბასილი დიდი, ბასილი კესარიელი (Basileios Megas, Basileios Kaisareias) (დაახლ. 330, კესარეა კაპადოკიისა, ‒ 1. I. 379, იქვე), ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მამათაგანი. საეკლესიო მოღვაწე, თეოლოგი, მწერალი, გრიგოლ ნოსელის ძმა და გრიგოლ ნაზიანზელის მეგობარი.
სწავლობდა კესარეაში, შემდეგ კონსტანტინოპოლისა და ათენის ფილოს. სკოლებში. ათენიდან დაბრუნების შემდეგ ერთხანს რიტორიკის მასწავლებელი იყო. დაახლ. 30 წლისამ მიიღო ქრისტიანობა და იმოგზაურა ცნობილი განდეგილების მოსანახულებლად სირიაში, პალესტინასა და ეგვიპტეში. პონტოში დაბრუნებულმა დააარსა მონასტერი. 370 გახდა კესარეის ეპისკოპოსი, ამასთანავე კაპადოკიის მიტროპოლიტი და პონტოს ეგზარქოსი. ცდილობდა მოეხდინა აღმოსავლეთის ეკლესიის ძალთა კონსოლიდაცია არიანელობის წინააღმდეგ, ქადაგებდა ასკეტიზმს, ცდილობდა შეერიგებინა აღმოსავლელი ეპისკოპოსები დასავლეთის ეკლესიასთან. ბ. დ-მა დიდი კვალი დატოვა ბიზანტიური ლიტ. ისტორიაში. მას ეკუთვნის მრავალი დოგმატიკური, მორალისტურ-ასკეტიკური, ლიტურგიკული, ჰომილეტიკური და სხვა თხზულებანი. ბ. დ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოღვაწეა ძვ. ქართულ მწერლობაში. არაერთი მისი თხზულება ითარგმნა ქართულად, მ. შ. ზოგი რამდენჯერმე. თხზულებები თარგმნეს ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელებმა, ეფრემ მცირემ და სხვ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ძვ. ქართულ მწერლობაში ბ. დ-ის თხზულებამ „ექუსთა დღეთაჲ“, რ-შიც განმარტებულია ბიბლიური კოსმოგონია ‒ სამყაროს შექმნის ექვსი დღე თვით ადამის შექმნამდე (ადამიანის შექმნის ამბავს განმარტავს ბ. დ-ის ძმა გრიგოლ ნოსელი თხზულებაში „კაცისა შესაქმისათჳს“.). ქართულად არსებობს ამ ძეგლის ორი თარგმანი. მთარგმნელი გიორგი მთაწმიდელი იცნობს და იყენებს ადრინდ. თარგმანს, რ-იც კ. კეკელიძის, რ. ბლეიკის და ლ. მელიქსეთ-ბეგის აპრიორულად გამოთქმული მოსაზრებით, შესრულებული უნდა იყოს სომხურიდან; ხოლო ძვ. თარგმანის გამომცემლის ილ. აბულაძის დაკვირვებით ‒ არაბულიდან, რასაც არაბიზებული ლექსიკა მოწმობს. ექვთიმე მთაწმიდელს უთარგმნია აგრეთვე ბ. დ-ის „თარგმანებაჲ ფსალმუნთაჲ“, „ითიკა“ („ასკეტიკონის“ ნაწილი), „თქმულნი კაენის შჳდთა შურისგებათათჳს“. ბ. დ-ის „ასკეტიკონი“ ორჯერ ითარგმნა (პროკოპი მღვდელი, ეფრემ მცირე), ეფრემმა თარგმნა აგრეთვე „მარხუათათჳს“. ორჯერ ითარგმნა „მცნება მღუდელთა მიმართ“ (გიორგი მთაწმიდელი, არსენ იყალთოელი), ათონის სალიტ. სკოლაში ითარგმნა ბ. დ-ის 3 დოგმატიკური თხზულება: „სარწმუნოებისათვს სამებისა ერთარსებისა და ორთათვს ბუნებათა ქრისტესთა“, „ორთათჳს ბუნებათა ქრისტესთა შეერთებისა“, „სარწმუნოებისათჳს ჴორცთა შესხმისა“. გაიოზ რექტორს ეკუთვნის „ეპისტოლეთა“ თარგმანი. გარდა ამისა, ბ. დ-ის თხზულებათა თარგმანები გაფანტულია სხვადასხვა მრავალთავსა და კრებულში. არსებობს მოსაზრება, რომ ბ. დ. ეროვნებით კაპადოკიელი ქართველი იყო.
თხზ. Patrologiae cursus completes…, ser. Graeca, éd. J. P. Migne, t. 29–32, P., 1912; Lettres, v. 1–3, P.,1957–66; Творения иже во святых отца нашего Василия Великого..., წგ.: Творения святых отцов, т. 5–11, М., 1843–1915; ექუსთა დღეთაჲ. გიორგი მთაწმიდელის თარგმანი, მ. კახიძის გამოც., თბ., 1947 (მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1946, ნაკვ. 25); უძველესი რედაქციები ბასილი კესარიელის „ექუსთა დღეთაჲსა“ და გრიგოლ ნოსელის თარგმანებისა „კაცისა აგებულებისათჳს“ (X–XIII სს. ხელნაწერთა მიხედვით), ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1964; ბასილი კესარიელის „სწავლათა“ ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, ც. ქურციკიძის გამოც., თბ., 1983.
ლიტ.: გოზალიშვილი გ., ორი ეტიუდი პონტოსა და კაპადოკიის წარსულიდან, თბ., 1965; მისივე, კვლავ „სამი დიდი კაპადოკიელის“ ვინაობის ირგვლივ, «მნათობი», 1971, № 6, გვ. 88–104; კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, [ტ.] 5, თბ., 1957, გვ. 17–22; ხინთიბიძე ე., ბასილ დიდის სადაურობისათვის, «საქ. სსრ მეცნ. აკადემიის საზ. მეცნ. განყ-ბის მოამბე», 1962, № 3; მისივე, ბასილი კაპადოკიელის «სამოღვაწეო წიგნის» ქართული რედაქციები, თბ., 1968; მისივე, ქართულ-ბიზანტიური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ., 1982, გვ. 41 – 47; 179 – 186; 207 – 262; Altaner B., Stuiber A., Partologie, Leben, Schriften und Lehre der Kirchenväter. 7-te völlig neubearb. Aufl., Freiburg-Basel-Wien, 1966; Treucker B., Politische und sozialgeschichtliche Studien zu den Basilius-Briefen, München, 1961; Dehnhard H., Das Problem der Abhängigkeit des Basilius von Plotin, B., 1964.
რ. მიმინოშვილი