ბარელიეფი (ფრანგ. bas-relief – დაბალი რელიეფი), ქანდაკების ერთ-ერთი დარგის – რელიეფის – ნაირსახეობა; რელიეფი, რ-იც სიბრტყიდან თავისი მოცულობის ნახევარზე ნაკლებადაა ამოწეული. ქანდაკებისგან განსხვავებით, რელიეფის და, კერძოდ, ბ-ის გამოსახულებას კავშირი აქვს სიბრტყესთან. ბ-თვის იყენებენ სხვადასხვა მასალას (ქვა, მარმარილო, თაბაშირი, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, სპილოს ძვალი, ხე და სხვ.) და სხვადასხვა ტექნოლოგიას (ქვაზე კვეთა, ხის ჭრა, ჩამოსხმა, ლითონის ჭედვა). ბ. შეიძლება თავისუფლად მდგომ ცალკე ფილას წარმოადგენდეს, ხშირად იგი დაკავშირებულია არქიტექტურასთან (ატენის სიონის, სვეტიცხოვლის, კუმურდოს ტაძრის და სხვ. ბ.), იყენებენ ავეჯის, ჭურჭლის, მცირე ხელოვნების სხვადასხვა ნაკეთობის შესამკობად.
საქართველოში ბ. უძველესი დროიდან გვხვდება.