ბარზაბოდი (გ. V ს. 30-იანი წწ. ბოლოს), ქართლისა და ალბანეთის (კავკასიის) მარზპანი (გამგებელი) V ს. დამდეგიდან. ვახტანგ I გორგასლის დედის დედოფალ საგდუხტის მამა. მას შემდეგ, რაც მირდატ არჩილის ძემ ცოლად შეირთო საგდუხტი, ქართლის სამეფო კარის ურთიერთობა ქ. ბარდავაში მჯდომ ბ-თან გაუმჯობესდა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბ. მიჰრან-გუშნასპთა საგვარეულოს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
ლიტ.: გოილაძე ვ., ამიერკავკასიაში სასანიანთა მმართველობის ასახვა ქართულ საისტორიო ტრადიციაში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1982, № 4.
ვ. გოილაძე