ბარი, გავაზი (Falco cherrug), მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სხეულის სიგრძე 60 სმ, ფრთების შლილი 130 სმ აღწევს. ზურგზე ბუმბული მონაცრისფრო-მურაა, მუცელზე – თეთრი, მურა ან შავფხაჭებიანი. გავრცელებულია სამხრ.-აღმ. ევროპაში, აზიასა და ჩრდ.-დას. აფრიკაში ტყე-ველის, ველისა და უდაბნოს ზონებში.
საქართველოში გვხვდება მხოლოდ მიმოფრენისას, იშვიათად – ზამთრში. ბუდეს იკეთებს კლდეებში, მაღალ ხეებზე. იკვებება მღრღნელებით და პატარ-პატარა ფრინველებით. მსხვერპლს ჰაერშივე იჭერს, მაგრამ შეუძლია მიწიდანაც აიტაცოს. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.
რ. ჟორდანია