ბარისახოს არქეოლოგიური ძეგლები, სხვადასხვა დროისა და კატეგორიის ძეგლები ბარისახოს სოფლის საკრებულოს ტერიტორიაზე, დუშეთის მუნიციპ-ში.
ხმალას ციხე და ეკლესია სოფლის ჩრდ. განაპირა მხარეს, ბუნებრივ ტერასაზე მდგარა. XX ს. 30-იან წლებში სკოლის მშენებლობის დროს დაუნგრევიათ და ნაშთები სკოლის შენობის ქვეშ მოქცეულა. ხალხში შემორჩენილი გადმოცემით, ეკლესია თამარ მეფეს აუშენებია. აქვე ყოფილა ხმალას ხატიც (სალოცავი); შურისციხე ხევსურეთის არაგვის მარცხ. ნაპირზე, მაღალ, კლდოვან კონცხზე ყოფილა აღმართული, იქ, სადაც ლიქოკის ხეობა არაგვს ერთვის, ხმალას მოპირდაპირედ; XII–XIII სს. არქეოლ. ძეგლი – შურისციხის სამაროვანი მდებარეობს სოფლის აღმ-ით, არაგვის მარცხ. ნაპირზე, ფართო ბუნებრივ ტერასაზე. 1986–88 არქეოლ. გათხრების (ხელმძღვ. რ. რამიშვილი) დროს გამოვლინდა 18 სამარხი, მ. შ. მშრალად ნაგები მიწისქვეშა აკლდამები და ამოშენებულკედლიანი ქვის სამარხები. აკლდამები გეგმით მართკუთხაა (ზომა 2X2 მ), კედლები შვეულადაა ამოყვანილი. დიდი ზომის ფილები ვერტიკალურადაა დაყენებული. გადახურულია მოზრდილი ფილაქვებით. ერთ-ერთი ფილა ჩასასვლელი კარის ფუნქციას ასრულებდა. იყენებდნენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თითო აკლდამაში 4–10 მიცვალებული იყო დამარხული.
გაითხარა ქვის სამარხები, სადაც მიცვალებულები ზურგზე იწვნენ. ჩატანებული ჰქონდათ ბრინჯაოს სამაჯურები, სასაფეთქლე რგოლები, ბეჭდები, საყურეები, ღილები, მცირე რაოდენობით მინის მძივები. ერთ სამარხში აღმოჩნდა ვერცხლის ხარის თავის მინიატიურული გამოსახულება. აღსანიშნავია თიხის პატარა ჭრაქები, რ-თაც ცეცხლის კვალი ემჩნევათ. ასეთივე ჭრაქები აღმოჩნდა აკლდამებში და მათ სახურავებზეც. როგორც ჩანს, დაკრძალვის რიტუალის აუცილებელი ატრიბუტი იყო.
სამაროვანი მდებარეობდა XI–XII სს. ნამოსახლარის ქვეშ, რ-იც ხანძრის შედეგად განადგურებულა. მასალა დაცულია დუშეთის არქეოლ. ბაზაზე.
ლიტ.: მაკალათია ს., ხევსურეთი, თბ., 1984.
გ. გოგოჭური
გ. რჩეულიშვილი