ბარისპირა

ბარისპირა (Betonica), მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა.

მრავალწლოვანი, ჩვეულებრივ ფესურიანი ბალახებია, ჩხროსებრ შეკრებილი ყვავილები აქვთ. 15 სახეობა გავრცელებულია ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში.

საქართველოში ბარიდან მაღალმთის სარტყლამდე გავრცელებულია 6 სახეობა. ორი მათგანი ენდემურია: აფხაზური ბ. (B. abchasica), რ-იც იზრდება აფხაზეთის სუბალპ. და ალპ. სარტყლის კირქვიანებზე, და ოსური ბ., (B. ossetica), რ-იც ხარობს მთიულეთსა და ჩრდ. ოსეთის ამავე სარტყელში ღორღიანებზე. საქართვ. სუბალპ. და ალპ. მდელოებზე ჩვეულებრივია მთის ბ. (B. grandiflora); იგი ასპექტის (საერთო ელფერის) შემქმნელი დეკორ. ბალახია, ბ-ს თიქმის ყველა სახეობა დეკორატიულია. ზოგი სამკურნალო მცენარეა, მაგ., სამკურნალო ბ. (B. officinalis), რ-იც ხშირად სარეველაა, ზოგიერთი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ცხიმოვან ზეთებს, ფისებს და სხვ.

მ. სახოკია