ბარიტი

ბარიტი, მძიმე შპატი, სულფატების კლასის მინერალი; ქიმ. შედგენილობა BaS04. გვხვდება მსხვილკრისტ., აგრეთვე წვრილმარცვლოვანი ან რადიალურ-სხივოსნური აგრეგატების სახით. თეთრია, ხშირად შეფერილია ჩანართი ნივთიერებებით. სისალე მინერალოგიური სკალით 3–3,5; სიმკვრივე 4300–4700 კგ/მ³. აქვს მინისებრი ელვარება. წარმოიქმნება უმთავრესად ჰიდროთერმული პროცესების შედეგად, გვხვდება აგრეთვე დანალექი წარმოშობისა. ბ. გამოიყენება საბურღი ხსნარების დასამზადებლად, შემვსებად ქაღალდის, რეზინის, კერამ., ლაქსაღებავების, ცემენტის მრეწველობაში, მეტალურგიაში, ოპტიკაში. ბ. ბარიუმისა და მისი ნაერთების ძირითადი წყაროა.

საქართველოში ბ-ის საბადოები ბევრგან არის ცნობილი. იგი დაკავშირებულია შუაიურულ ვულკანოგენურ-დანალექ, ე. წ. პორფირიტულ წყებასთან. იხ. ქუთაისის ბარიტის საბადოების ჯგუფი, ჩორდის ბარიტის საბადო, ხაიშის ბარიტის საბადო.