ბარნოვი (ბარნაველი) ვასილ ზაქარიას ძე [22. V. (3. VI). 1856 ან 1857, სოფ. კოდა, ახლანდ თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, – 4. XI. 1934, თბილისი], მწერალი. ქართ. ისტ. რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
დაიბადა მღვდლის ოჯახში. განათლებულმა მშობლებმა სათანადო გონებრივი და ზნეობრივი აღზრდა მისცეს; 8 წლისა მიაბარეს ჯერ თბილ. სას. სასწავლებელში, შემდეგ – თბილ. სას. სემინარიაში, რ-იც 1878 დაამთავრა. 1882 მაგისტრის წოდებით დაამთავრა მოსკ. სას. აკად. ისტ. განყ-ბა, მაგრამ სამოღვაწეოდ პედ. სარბიელი აირჩია. 1882–1902 მუშაობდა ახალ სენაკში, თელავში, თბილისში; უანგარო, ფაქიზი ზნეობისა და მაღალი ინტელექტის პედაგოგის სახელი დაიმკვიდრა. იყო საქართვ. მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი. პირველი ნარკვევი „რამდენიმე სურათი ხევსურთა ცხოვრებიდან“ გაზ. „დროებაში“ (№ 220–227) გამოაქვეყნა 1878; აქვე (1879, №149) დაიბეჭდა მისი პირველი ლექსიც „ქართველი ქალი“. 1884 – 87 თანამშრომლობდა გაზ. „მწყემსში“. ბ-ის პირველი ორიგინ. მოთხრობა იყო „პატარა ლევანი“ (1892, „კვალი“, №2), პირველი ისტ. მოთხრობები – „სესე“ (1882, „ჯეჯილი“) და „პაპუნა“ (1888). სისტემატურ ლიტ. მოღვაწეობას 1897–98 შეუდგა.
ბ-ის ლიტ. მემკვიდრეობა შეიცავს ორმოცზე მეტ მოთხრობასა და ნოველას, რ-ებშიც XIX ს. დამლევსა და XX ს. პირველ ათწლეულში წამოჭრილი საზ. პრობლემებია დასმული. ეს გარემოება მკაფიოდ გამოჩნდა მის მოთხრობებში, რ-ებშიც აისახა ფეოდ. კლასის საბოლოო დაცემა და კაპიტალიზმის განმტკიცება („ხურდა“, 1912; „სადედოფლო სარტყელი“, 1920), ახ. მორალის გაბატონება („ვერცხლით სნეული“, „თებერას დანიშნული“, 1919; „უძღები“, „გველის ზეიმი“, 1919 და სხვ.), ოჯახის მკვიდრი საფუძვლების რღვევა („განასკვილი სიმი“, 1920); ფილოს. მოთხრობებია „სულთა კავშირი“, „სული მთვლემარე“, „ტკბილი დუდუკი“ (1909); სატრფიალო მოტივებზეა აგებული მოთხრობები „ვაი შენს დამკარგავს“ (1901), „მიეხმატკბილა გოგონას“, „ალუჩა“. მწერალი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება და აიდიალებს ხელოსანთა ცხოვრებას („ფარჩის ახალუხი“, 1912; „ხარატი“, 1926; „ხარაზი“, „ამქრის მშვენება“). ბ-ის შეხედულებათა და ხანგრძლივი პრაქტ. მოღვაწეობის ერთი პრინციპული მხარეა ბავშვის, მომავალი მოქალაქისა და საზ-ბის მოქმედი წევრის სწორი აღზრდის პრობლემა („ნუში“, 1896; „ქოჩორა ხე“, 1898; „პროფესორი“, 1901; „მეჩვენება“, 1901). ამ პრობლემას მიუძღვნა მან ხანგრძლივი და უმწიკვლო პედ. მოღვაწეობა და თანამშრომლობა საბავშვო ჟურნ. „ჯეჯილში“. მისი „ქართული სიტყვიერების ისტორიის გაკვეთილები“ (1919) ქართ. ლიტ-რის პირველი სასკოლო სახელმძღვანელოა.
ბ-ის შემოქმედების ძირითადი ჟანრი ისტ. რომანია. როგორც. ისტ. მხატვრული თხზულების ნამდვილი ოსტატი, იგი 1901 წარსდგა მკითხველის წინაშე პატრ. მოთხრობით „ისნის ცისკარი“ („მოამბე“, № 18). ამის შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით გამოქვეყნდა ბ-ის ისტ. რომანები: „სახიფათო სიყვარული“ (1908), „მიმქრალი შარავანდედი“ (1914), „ტრფობა წამებული“ (1918), „ხაზართა სასძლო“ (1919), „არმაზის მსხვრევა“ (1925), „გიორგი სააკაძე“ (1923–25), „დედოფალი ბიზანტიისა“ (1927), „ცოდვა სიჭაბუკისა“ (1928), „თამარ მრწემი“ (1929), „ნათელმოსილნი“, „ისკანდერი“ და სხვ. ისტ. ფაქტები და მოვლენები მანამდე არც ერთი ქართვ. მწერლის შემოქმედებაში არ ყოფილა წარმოდგენილი ასე ფართო პლანით. საკუთარი ინტერპრეტაციის გამოსახატავად ავტორი მიმართავდა მხატვრულ გამონაგონს. იგი იყო პირველი მწერალი, რ-მაც ისტ. მასალას დააკისრა არა მარტო ეროვნ., არამედ ფილოს. პრობლემების წამოჭრის ფუნქციაც. ბ. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბედისწერას, რაც აბსოლ. კეთილის (ნათლის) ნების გამოვლენაა; შესაბამისად იგი ისტორიაშიც ეძებს კეთილისა და ბოროტის დაპირისპირება-შეხლის გამოვლენას, როცა კეთილი – ძირითადად სიყვარული, როგორც ამქვეყნად „ღვთის სახის ანარეკლი“, მორალურად ამარცხებს ბოროტს – სატანურს.
ბ. ყოველ პრობლემას ასახვის შესატყვის ფორმას უსადაგებს, ეპიკური თხრობის პროცესში ხშირად მიმართავს ლირ. წიაღსვლებს, იყენებს კომპოზიციის მეტად თავისებურ ხერხებს – დაპირისპირებას, პარალელიზმს, წარმოსახულის ემოციურ მხარეს ამძაფრებს შედარებით, სხარტი ეპითეტებით, სურათის შთაბეჭდილებას აძლიერებს ხატოვანი თქმებით, ღრმა შინაარსის შემცველი მეტაფორებით, ფართოდ იყენებს ხალხ. ზეპირსიტყვიერებას. ხშირად ნაწარმოებს აგებს ფოლკლორულ სიუჟეტზეც (მოთხრ. „რკინის დევი“, „ლეგას ჩოხა“, რომანი „ნათელმოსილნი“). ბ-ის ენობრივი თავისებურება განისაზღვრება მისი შემოქმედებითი სტილით, კერძოდ, რიტმული პროზით. ფრაზის გასამართავად ჭარბად იყენებს არქაულ ლექსიკასა და სინტაქსურ ნორმებს. თავისი ჰუმანური იდეალებით ბ. ქართ. კლასიკური აზროვნების საუკეთესო ტრადიციებს ეყრდნობა და ამ საფუძველზე დღესაც, თანამედროვეობაში, ღირსეული ადგილი აქვს დამკვიდრებული. ბ-ის ნაწარმოებები არაერთხელ გამოიცა, მ. შ. თხზულებანი, 1920 (ტ. I–II).
თხზ.: თზულებანი, ტ. 1–10, თბ., 1961–64.
ლიტ.: გომართელი ა., მოდერნისტი პატრიარქი (ვასილ ბარნოვის სიმბოლისტური პროზა), თბ., 1997; ვართაგავა ი., კრიტიკული წერილები, თბ., 1958; კოშორიძე ე., ვასილ ბარნოვის ენა ისტორიული რომანების მიხედვით, თბ., 1966; რადიანი შ., ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები, თბ., 1944; ქიქოძე გ., ეტიუდები და პორტრეტები, თბ., 1958; ჩხეიძე ო., რომანი და ისტორია, თბ., 1965; ცისკარიძე ვ., უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკითხები, თბ., 1972; ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972.
ვ. ცისკარიძე