ბარძიმაშვილი რობერტ (გიორგი) გიორგის ძე

რ. ბარძიმაშვილი

ბარძიმაშვილი რობერტ (გიორგი) გიორგის ძე (17. I. 1934, თბილისი, – 5. VII. 2003, იქვე), ესტრადის მომღერალი. საქართვ. დამს. არტისტი (1967), სოპოტის საერთაშ. ფესტივალის (სოპოტი – 72) ლაურეატი.

1960 დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი. სტუდენტობის წლებში ჩამოაყალიბა (1958) ინ-ტის ვოკალურ-საკრავიერი კვარტეტი, რ-მაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. კვარტეტის ბაზაზე შემდგომ, 1960, შეიქმნა პროფ. ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი „ორერა“ ბ-ის ხელმძღვანელობით. ანსამბლმა დიდი წარმატებით იმოგზაურა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. გადაღებულია ამ მოგზაურობის ამსახველი სატელევიზიო ფილმი «,,ორერა“ – სრული სვლით».

1975 ბ-მა დაარსა ახ. ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი „75“ (იარსება 1986-მდე, 1978 თბილ. საერთაშ. ჯაზ-ფესტივალის ლაურეატი გახდა). პარალელურად, 1983–86 ბ. ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ ბავშვთა ანსამბლ „ლახტს“, ხოლო 1988–92 – ანსამბლ „ჯორჯიას“. ბ-ის ანსამბლების რეპერტუარში იყო როგორც ქართული, ისე მსოფლიოს ხალხთა სიმღერები. აღსანიშნავია ბ-ის როგორც სოლისტის მაღალი ოსტატობა და შესრულების ორიგინ. მანერა.

1995-იდან ეწეოდა პედ. მოღვაწეობას. დააარსა სკოლა-სტუდია „ლახტი“, სადაც ყმაწვილები ეუფლებოდნენ ვოკალურ და საკრავიერ მუს. ხელოვნებას (გიტარა, დასარტყმელი, ჩასაბერი და კლავიშიანი საკრავები).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.