ბესტუჟევი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე

ბესტუჟევი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (ლიტ. ფსევდ. მარლინსკი) [23. X (3. XI). 1797, პეტერბურგი, – 7 (19). VI. 1837, ადლერი], რუსი მწერალი. დეკაბრისტთა აჯანყებაში მონაწილეობისათვის მეფის მთავრობამ ციმბირში გადაასახლა, 1829 კი კავკასიაში განამწესეს რიგით ჯარისკაცად. 1829–30 თბილისში (ახლანდ. თავისუფლების მოედანზე) ცხოვრობდა თავის გადმოსახლებულ ძმებთან პეტრესა და პავლესთან ერთად. მათ ბინაზე ხშირად ფარულად იკრიბებოდნენ შერისხული დეკაბრისტები, რის გამოც 1830 ბ. დერბენდში გადაასახლეს, ხოლო 1834 ახალციხეში გადმოიყვანეს. ხშირად აგზავნიდნენ მთიელთა წინააღმდეგ ლაშქრობებში, უქმნიდნენ ცხოვრების მძიმე პირობებს, მტკივნეულად განიცადა პუშკინის სიკვდილის ამბავი, რაც თბილისში შეიტყო 1837.

ბ-ის მრავალრიცხოვან მოთხრობაში, ნარკვევსა და წერილში ვლინდება კავკასიის ისტ., ეთნოგრ., ფოლკლორის კარგი ცოდნა. გატაცებით აღწერს დარიალის ხეობას („ამალათ-ბეგი“, 1832), ალაზნის ველს („გზა ქალაქ ყუბამდე“, 1836), ახალციხესთან მომხდარი ბრძოლების სცენებს (დაუმთავრებელი რომანი „ვადიმოვი“), სიყვარულით ლაპარაკობს თბილისზე. ბ-ის კავკ. თხზულებები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა 30-იან წლებში. გ. ერისთავმა თავის ძმასთან ერთად ქართულად თარგმნა მოთხრობები „ამალათ-ბეგი“ და „მოლა-ნური“ (1852, ჟურნ. „ცისკარი“, № 1–8, იგივე მოთხრობები 1967, 1977 თარგმნეს და გამოსცეს ე. უბილავამ და ნ. მიქავამ). ლ. ისარლიშვილმა თარგმნა „ღამე ხომალდში“ (1853, „ცისკარი № 3).

თხზ.: [იხ.]: რუსი მწერლები საქართველოს შესახებ, ტ. 1, თბ., 1949.

ლიტ.: Шадури В., Декабристская литература и грузинская общественность, Тб., 1958.

ვ. შადური