ბექა I

ბექა I ჯაყელი (დაახლ. 1240–1308), სამცხის მთავარი 1285–1308, სარგის I ჯაყელის ძე.

ბ. I-ის სამფლობელო-საგამგეო (სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაოს უდიდესი ნაწილი, კოლა, არტაანი და ჯავახეთის მრავალი სოფელი) გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან (ახლანდ. ხაშურის რ-ნი) კარნუ-ქალაქსა (ახლანდ. ერზრუმი, თურქეთი) და შავ ზღვამდე.

1266–1334 ეს მხარე გამოყოფილი იყო ერთიანი საქართვ. სამეფოსაგან და ცალკე პოლიტ. ერთეულს წარმოადგენდა. ბ. I ჰულაგუიან მონღოლთა სახელმწიფოს ვასალი იყო; ყაენებს ხარკს უხდიდა და თავისი ჯარით მათ ლაშქრობებში მონაწილეობდა, მიუხედავად ამისა, სამხრ. საქართველოს პოლიტ. კავშირი დანარჩენ საქართველოსთან მაინც არსებობდა.

ბ. I საქართვ. მეფეთა მანდატურთუხუცესი იყო. მის დროს საქართველოს სამხრ.-დას. საზღვრებთან მომძლავრებულმა თურქებმა განაახლეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ბ. I-მა დაამარცხა და განდევნა ისინი (იხ. აზატ მოსეს ლაშქრობანი საქართველოში).

ბ. I იყო ქართ. პოლიტ. გავლენის აქტ. დამცველი ტრაპიზონის სამეფოში, რ-საც იმხანად საქართვ. მეფის ხელისუფლების დასუსტების გამო შეიძლებოდა ბიზანტია დაუფლებოდა. თვით ტრაპიზონშიც ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტ. დაჯგუფება – ქართული და ბიზანტიური. გაიმარჯვა ქართ. პოლიტ. დასმა. ამის ერთგვარი გამოხატულება იყო კეისარ ალექსი II-ის (1297–1330) დაქორწინება ბ. I-ის ასულზე. ბ. I-ის მეორე ასული ნათელა დემეტრე II თავდადებულის მეუღლე იყო. მათი ვაჟი გიორგი (შემდეგში გიორგი V ბრწყინვალე) ბ. I-ის ოჯახში აღიზარდა.

ბ. I ენერგიული მმართველი იყო. მის დროს შედგა სამართლის წიგნი, რ-იც ბატონყმური წყობილების განმტკიცებას ემსახურებოდა (იხ. „წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“); აშენდა საფარის წმ. საბას ტაძარი და სამრეკლო, ზარზმის მთავარი ტაძარი. ორივე ეკლესიის ფრესკებში ბექას და ჯაყელების სხვა წარმომადგენელთა პორტრეტებია.

ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., სჯულმდებელთა ბექას და აღბუღას ვინაობა, ტფ., 1912; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ., 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

ვ. გუჩუა