დიღმის ბრძოლა 1567, ყიზილბაშ დამპყრობლებთან ქართველი ხალხის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი.
ირანის შაჰის, თამაზ I-ის, მიერ ქართლის მეფედ დანიშნული გამაჰმადიანებული დავით XI (დაუთ-ხანი) ყიზილბაშთა ძალებით თბილისის ციხეში იყო გამაგრებული. 1567 ქართლის მეფე სიმონ I-მა თბილისის გასათავისუფლებლად ლაშქარი შეკრიბა და დიღმის ველზე დაბანაკდა.
დავით XI ქალაქის ციხიდან გამოვიდა ყიზილბაშების, თბილისელი მოლაშქრეებისა და სომხით-საბარათიანოს ლაშქრით და სიმონ I-ის ლაშქარს შეება. ამ ბრძოლაში დავით XI დამარცხდა. ერთი ცნობით, მას 2000 მეომარი დაეღუპა.
ბრძოლის ველიდან გაქცეულმა დავით XI-მ თბილისის ციხეს შეაფარა თავი. სიმონ I-მა ქალაქს ალყა შემოარტყა, თუმცა მისი გათავისუფლება ვერ შეძლო (იხ. აგრეთვე სამადლოს ბრძოლა 1568, ფარცხისის ბრძოლა 1569).
წყარო: ახალი ქართლის ცხოვრება. მესამე ტექსტი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; გორგიჯანიძე ფ., საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოც., «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2.
ლიტ: გ უ ჩ უ ა ვ., ს ვ ა ნ ი ძ ე მ., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
ვ. გუჩუა