ბექაური ნოდარ ალექსანდრეს ძე

ბექაური ნოდარ (ბახა) ალექსანდრეს ძე (6. III. 1939, სოფ. შეხვეტილა, თეთრი წყაროს მუნიციპ-ი, – 7. I. 2007, თბილისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1989), 1963 დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იმავე წლიდან გარდაცვალებამდე სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. სახელმწ. დრამ. თეატრის მსახიობი იყო. განასახიერებდა უპირატესად რომანტიკულ-ლირიკული ბუნების პერსონაჟებს. წარმატებით გამოდიოდა სახასიათო როლებშიც. გადაღებულია ფილმებში „ძმა“ (რეჟ. თ. ბაბლუანი, 1981), „ოგარიოვის 6“ (მოსკ. გორკის სახ. კინოსტუდიის ფილმი, 1980).

ბ-ის მიერ სიმართლით გამოკვეთილი სახეები, როგორიცაა ბახა, მინდია (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, „მთანი მაღალნი“), კიკიტია (ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“), ლევბორგი, სკულე (ჰ. იბსენის „ჰედა გაბლერი“, „ბრძოლა ტახტისათვის“), შერბინა, ბაჩანა, დევდარიანი, ტიგრანა, გამცემლიძე, შოშია (ნ. დუმბაძის „ნუ გეშინია, დედა“, „მარადისობის კანონი“, „საბრალდებო დასკვნა“), რამაზი (ა. ჩხაიძის „მიღების დღე“), დორნი (ა. ჩეხოვის „თოლია“), სატინი (მ. გორკის „ფსკერზე“), ხიდაშელი (გ. ფანჯიკიძის „მეშვიდე ცა“) და სხვ. გამოირჩეოდნენ ტემპერამენტით, ინდივიდუალურობით.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

შ. ცუცქირიძე