გიორგი ბატონიშვილი

გიორგი ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (დაახლ. 1570–12. III. 1605), კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ალექსანდრე II-ის მესამე ვაჟი.

1601, როცა მისმა ძმამ დავითმა (იხ. დავით I, კახეთის მეფე) მამის ტახტი მიიტაცა, გ. ბ. დავითის წინააღმდეგ გამოვიდა. დავითმა შერიგების მიზნით გ. ბ-ს საუფლისწულო უბოძა.

1602 გ. ბ-მა და მისმა მომხრე თავადებმა შეთქმულება მოაწყვეს დავითის წინააღმდეგ. შეთქმულება გამჟღავნდა. გ. ბ. მცხეთის კათოლიკოსმა შეიფარა, მაგრამ ქართლის მეფემ – გიორგი X-მ იგი დავითს გადასცა, მან კი საპყრობილეში ჩასვა. დავითის გარდაცვალებისა და ალექსანდრე II-ის ხელახლა გამეფების შემდეგ მამამ გ. ბ. ციხიდან გაათავისუფლა.

1604 დასაწყისიდან 1605 მარტამდე, ალექსანდრე II-ის ირანში ყოფნის დროს, გ. ბ. კახეთს განაგებდა. 1604 აგვ-ში მან რუს. ხელმწიფის ელჩები მიიღო. 1604 ოქტ-ში დაამარცხა ქ. ძეგამში სალაშქროდ მიმავალი განჯა-შემახის ხანები. ამ ლაშქრობაში გიორგის ახლდა 40 მეთოფისაგან შემდგარი რუსთა ელჩების მცველი რაზმი.

1605 წ. 1 იანვ. გ. ბ-მა დარბაზის წევრებთან ერთად რუს. ხელმწიფის ერთგულების ფიცი მიიღო. იგი მამასთან ერთად ძეგამში მოკლა საკუთარმა ძმამ – კონსტანტინე I-მა.

წყარო.: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

გ. ჯამბურია