ბეღურასნაირნი

ბეღურასნაირნი (Passeriformes), ფრინველთა სამყაროში ყველაზე უფრო გავრცელებული რიგი. მოიცავს ფრინველთა 3/5-ს (5 ათ. სახეობაზე მეტი). იყოფა 4 ქვერიგად: რქანისკარტები, ტირანები, პრიმიტიული ბ. და მგალობელი ბ. მცირე და საშ. ზომის ფრინველებია. ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავდებიან შეფერილობითა და ჰაბიტუსით. უმრავლესობას ახასიათებს სქესობრივი დიმორფიზმი (მამლები უფრო მსხვილია და მკვეთრად შეფერილი). მეტწილად მონოგამებია.

საქართველოს ფრინველთა 1/3-ზე მეტი (101 მობინადრე და მობუდარი, 13 შემომფრენი) ბ-თა რიგს მიეკუთვნება. იკვებებიან მცენარეული საკვებით (თესლით და სხვ.), მწერებით. ზოგიერთ მათგანს უმნიშვნელო ზიანი მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის. ამ რიგის 84 სახეობა და 66 ქვესახეობა შეტანილია საერთაშორისო, ხოლო 7 სახეობა – „საქართველოს წითელ ნუსხაში“.

რ. ჟორდანია