ბეშთაშენი, სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), მდ. აღრის მარცხ. ნაპირას, წალკის წყალსაცავის ჩრდ.-აღმ-ით. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ქარიაქი, შუა ხარაბა). ზ. დ. 1540 მ, წალკიდან 5 კმ. 335 ათ. მცხ. (2014).
სოფელი მდებარეობს ისტ. თრიალეთში. ძველად ბეშქენაშენი ერქვა, ბ-ით შეცვალეს XIX ს. 30-იან წლებში არზრუმის მხარიდან გადმოსახლებულმა ბერძნებმა. მდ. აღრისაც ვახუშტი ბატონიშვილი ბეშქენაშენის ხევს უწოდებს. 1392 ბეშქენაშენი თრიალეთის სხვა სოფლებთან ერთად მცხეთის საკათოლიკოსო მამულების ჩამონათვალშია; 1697 ერთი საბუთის მიხედვითაც აქაური გლეხები კათოლიკოსის ყმები არიან. 1720 ზემო ბეშქენაშენი 6 კომლი კათოლიკოსის ყმა და 2 კომლი ბოგანოღა დარჩენილა. ვახუშტი ბატონიშვილი ბ-ის სახელით ორ სოფელს იცნობს; მართლაც, საბუთებში გვხვდება უკანა და ზემო ბეშქენაშენი, რაც, თუ ერთი და იგივეა, უსათუოდ გულისხმობს წინა და ქვემო ბეშქენაშენსაც.
სოფლის ჩრდ.-აღმ-ით, ქედზე, დაახლ. 120 წლის წინ აგებული პატარა ეკლესია დგას. ეკლესიაში ძველი მოზრდილი ქვაჯვარია ნუსხური წარწერით „ქ. წმიდა ნათლისმცემელი“. მეორე ეკლესია სოფლის ჩრდ.-დას-ითაა, ის ძვ. ქართული სალოცავის ნაშთია, ბერძნების მიერ გვიან შეკეთებული. საკურთხეველში სატრაპეზოს ლოდზე რელიეფური ჯვარია გამოსახული. ეკლესიის ირგვლივ ახალი, ბერძნ. სასაფლაოა. მესამე ეკლესია, წმ. გიორგის სახელობისა, შუა სოფელში დგას. იგი დიდრონი თლილი ქვებითაა ნაგები და კარგადაც შენახულა. მოზრდილ დარბაზულ შენობას სამხრ-იდან მინაშენი აქვს მთელ სიგრძეზე, რ-იც უფრო დაბალია, ვიდრე მთავარი ნავი. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია ერთ დაბალ სვეტზე დაყრდნობილი 2 ღია თაღით. შესასვლელი სამხრ-იდანაა. მინაშენის სამხრ. კედელზე ნუსხურნარევი ასომთავრული წარწერაა, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია აუგიათ გურგენიძეებს ერისთავ ვახტანგის ბრძანებითა და თანადგომით; წარწერა გაუკეთებია გურგენ მღვდელს. აქ მოხსენიებული პირები სხვა წყაროებში არ ჩანან, მაგრამ ფიქრობენ, რომ წარწერა XII ს-ში უნდა იყოს გაკეთებული, თრიალეთიდან ბაღვაშების გადაშენების შემდეგ, თამარის გამეფებამდე. ეკლესიის გალავნის ყორეში, დას-ით, ჩაყოლებულია დიდი ლოდი ნუსხური წარწერით, საიდანაც ჩანს, რომ ეკლესიის მშენებლობაზე უშრომია ვინმე მონაზონ თავაჲს ძეს. ეს ქვა სოფლის პირველი ეკლესიიდან (ნათლისმცემლის) უნდა იყოს აქ მოტანილი და X–XI სს-ით თარიღდება.
ბ-ში ყოფილა ციკლოპური წყობის ციხე, სადაც 1938–39 არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა კუფტინი ბორის|ბ. კუფტინმა. ამ ციხისგან ახლა თითქმის აღარაფერია დარჩენილი. ქვები მოსახლეობას საკუთარი სახლების მშენებლობაზე გამოუყენებია (იხ. ბეშთაშენის არქეოლოგიური ძეგლები).
წყარო და ლიტ.: ბ ა ქ რ ა ძ ე ა., თრიალეთის და ატენის ეპიგრაფიკული ძეგლები როგორც ისტორიული წყარო, «ს. ჯანასიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1959, ტ. 20 B; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., თრიალეთის უცნობი წარწერები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1982, ტ. 6; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1940; ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა (საქართველოს გეოგრაფია), თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941; Т а к а й ш в и л и Е. С., Археологические экскурсии, разыскания и заметки, в. 4, Тфл., 1913.
დ. ბერძენიშვილი