ბეშქენ ოპიზარი, XII ს. ოქრომჭედელი, ბექა ოპიზრის უფროსი თანამედროვე. წარმოშობითა და მოღვაწეობით ოპიზასთან (კლარჯეთი) უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ბიოგრ. ცნობები ბ. ო-ის შესახებ არ დარჩენილა.
შემორჩენილია მისი ერთადერთი ნამუშევარი – ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა (ინახებოდა გელათში, ამჟამად – საქართვ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტში, Q – 906). ყდის წარწერაში ნათქვამია: „მოიჭედა ჴელითა ბეშქენ ოპოზარისაჲთა“. ყდის ერთ მხარეს გამოსახულია „ჯვარცმის“, მეორე მხარეს – „ვედრების“ კომპოზიციები. კუთხეები მოჩუქურთმებულია არშიებით, რ-თა ინტერვალები „ჯვარცმის“ მხარეს ძვირფასი ქვებისათვის იყო განკუთვნილი, „ვედრების“ მხარეს კი შევსებულია წარწერებით.
განსაკუთრებით მეტყველია ტახტზე მჯდომი ქრისტეს მძლავრი ფიგურა. ქრისტეს სამოსლის ნაოჭები, ტახტის ჩუქურთმები, არშიების ორნამენტაცია მოწმობს ბ. ო-ის მაღალ ოსტატობას.
ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა შ ვ ი ლ ი შ., ბექა ოპიზარი, თბ., 1956; ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; Ч у б и н а ш в и л и Г. Н., Грузинское чеканноеискусство, ТБ., 1959.
ვ. ბერიძე