აკრობატიკა

აკრობატიკა (ბერძნ. akrobatēs - აკრობატი < akrobateõ - ფეხის წვერებზე დავდივარ), ტანვარჯიშის სახეობა.

არსებობს დინამ. და სტატ. ა; დინამიკურ ა-ს განეკუთვნება ტრიალთან დაკავშირებული ვარჯიში (აკრობატული ხტომა, ბატუტზე ვარჯიში და სხვ.), სტატიკურს - წონასწორობაზე ვარჯიში - ბალანსირება. შეჯიბრებები ტარდება ინდივიდ. ხტომაში, წყვილთა, შერეულ წყვილთა, ჯგუფურ (მამაკათა ოთხეული, ქალთა სამეული) ვარჯიშში. აკრობატული ვარჯიში ავითარებს ძალას, მოქნილობას, სისწრაფეს, გამბედაობას, მოძრაობის კოორდინაციას და სხვ., ამიტომ ა-ს სპორტის მრავალ სახეობაში იყენებენ. ძვ. მსოფლიოში (ეგვიპტე, სპარტა, ათენი, რომი, სამხრ. ინდოეთი და სხვ.) ა. სანახაობაც იყო და ფიზ. მომზადების საშუალებაც. საქართველოში ა. (მუშაითობა) ძველთაგანვე იყო ცნობილი. ახალგაზრდები წვრთნას გადიოდნენ კოლხეთის ქ-ების გიმნასიონებში. შუა საუკუნეებში ა. სწავლა-აღზრდის სისტემაში შედიოდა და ქართვ. მეომართა მომზადების ერთ-ერთი საშუალება იყო.

XX -ს. ა-ის განვითარება დაიწყო 30-იანი წლებიდან. 1939 სსრკ-ში იგი სპორტის დამოუკიდებელ სახედ დამტკიცდა და იმავე წელს ჩატარდა პირველი საკავშ. ჩემპიონატი ა-ში. ჯგუფურ ვარჯიშში გაიმარჯვა საქართვ. ოთხეულმა (თ. ემელიანოვი, თ. მაყაშვილი, მ. ქელეხსაშვილი, და კ. ვართანოვი). მას შემდეგ საქართველოს აკრობატთა ოთხეულები არაერთხელ გახდნენ სსრკ ჩემპიონები [ვ. კოჩერგინი, თ. ემელიანოვი, მ. ქელეხსაშვილი, კ. ვართანოვი, 1940; ი. მახაშვილი, ვ. ჟურავლიოვი, ვ. კოჩერგინი, გ. გარსევანიშვილი, 1948; მ. ქელეხსაშვილი გ. გარსევანიშვილი, ი. მახაშვილი, ი. ჩესნოკი, 1949-50-51; ა. სლივკოვი, თ. ლომთათიძე, ა. თედეევი, ს. დელიბალტოვი, 1972 (ამ ოთხეულმა 1970 სსრკ თასიც მოიპოვა)]; 1979 და 1981 სსრკ ჩემპიონი გახდა ნ. კიკილაშვილის, მ. მნათობიშვილის, მ. შილაკაძის სამეული, 1980 კი მათ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.

ლიტ.: ციბაძე ა., მხედრობათა შინა კადნიერნი, თბ., 1980; Спортивная акробатика, под ред. В. Коркина, М., 1981.

ო. კაკიაშვილი