არსენიშვილი ზაირა ივანეს ასული (30. XI. 1933, თელავი, — 9. VIII. 2015, იქვე), მწერალი, კინოსცენარისტი, მუსიკოსი.
1954 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი, ხოლო 1956 — II სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი. მუშაობდა მუსიკის პედაგოგად, უკრავდა თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრში. XX ს. 70-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო კინოსცენარების წერა. რეჟისორ ლ. ღოღობერიძის თანაავტორობით დაწერა სცენარები ყველა მისი ფილმისთვის: „როცა აყვავდა ნუში“ (1972), „აურზაური სალხინეთში“ (1975), „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978, ე. ახვლედიანთან ერთად; სსრკ სახელმწ. პრემია, 1980), „დღეს ღამე უთენებია“ (1983; საქართვ. სახელმწ. პრემია), „ორომტრიალი“ (1986), „ვალსი პეჩორაზე“ (1992). აგრეთვე შექმნა სცენარი ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ საეკრანო ვერსიისათვის (1979); ა-ის მოთხრობის მიხედვით დაიდგა კინონოველა „ბედნიერება“ (2009). ავტორია რომანებისა: „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ (1997, რომლისთვისაც 1998 მიენიჭა საქართ. სახელმწ. პრემია); „ვა, სოფელო...“ (2002, 2019). ა-ს მიღებული აქვს საქართვ. მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“ (1984) და პრემია „საგურამო“ (2006).
თხზ.: კოლაჟი მთვარის შუქზე, თბ., 2007; ქარი ამწევი ფარდის, თბ., 2013.
ლიტ.: კვიტაიშვილი ე., ლამპარივით წმინდა სიცოცხლე, ჟურნ. „ოლე“, N4 (27), 2015; მილორავა ი., მარადიული სიცოცხლე, მწიგნობარი, 2006.
ს. მეტრეველი