ბრეგაძე ლევან სოლომონის ძე (დ. 11. I. 1947, ტყიბული), ჟურნალისტი, კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკის განყ-ბა (1971). 1978–86 იყო ჟურნ. „კრიტიკის“ პასუხისმგებელი მდივანი; 1990–1991 – ამავე ჟურნალის რედაქტორის მოადგილე; 1989–90 – გაზ. „მამულის“ რედაქტორის მოადგილე; 2010-იდან – შოთა რუსთაველის სახელობის ქართ. ლიტ-რის ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი;2003-იდან – გელათის მეცნ. აკადემიის წევრი; 2011-იდან კი – „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალის“ მთ. რედაქტორი. ბ-ის ინტერესთა სფეროებია: ლიტ-რის თეორია, ისტორია და კრიტიკა, ჟურნალისტიკის ისტორია და თეორია, თარგმანის თეორია და პრაქტიკა, ლინგვისტიკა, ფოლკლორი, ესთეტიკა.
იგი ავტორია მონოგრაფიებისა: «მოგზაურობა „კაუკაზიშე პოსტის“ ფურცლებზე» (2010), „ყოფითი რწმენა-წარმოდგენები“ (2012), «მოგზაურობა „ლე კოკაზ ილიუსტრეს“ ფურცლებზე» (2013), „მუხრანისათვის“ (2019), „პოსტმოდერნიზმი ქართულ მწერლობაში“ (2020); არის ავტორ-შემდგენელი „ქართული ჟარგონის ლექსიკონისა“ (1999, 2005, 2013); გამოცემული აქვს ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებულები: „მოთხრობები ლიტერატურაზე“ (2008, 2019), „ლიტერატურული (გამო)ძიებანი“ (2011), „თარგმანი და ორიგინალი“ (2014) და სხვ.
მიღებული აქვს ვაჟა-ფშაველას პრემია (1993), „საბა“ (2003, 2009, 2012), ,,საგურამო" (2007), გივი გაჩეჩილაძისა (2012) და აკაკი წერეთლის სახ. პრემიები (2017), პრემია „მაჩაბელი“ (2020).
სამეცნიერო მიღწევებისთვის დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელით ლიტერატურის დარგში (2016).
ს. მეტრეველი