ბეჩო

ბეჩო, უღელტეხილი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, ნაკრისა (დონღუზორუნის) და შხელდის მთებს შორის. სიმაღლე 3375 მ. დაფარულია თოვლ-ყინულით (ჩრდ-ით – იუსენგის, სამხრ-ით – დოლრის მყინვარია). ბილიკი გადადის ენგურის ხეობიდან (მდ. დოლრის სათავეებიდან, მესტიის მუნიციპალიტეტი) ბაქსანის ხეობაში (მდ. იუსენგის სათავეებში, ყაბარდო-ბალყარეთი). ბ. სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სხვა უღელტეხილებთან შედარებით ტექნიკურად ადვილი გადასასვლელია, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩრდ. კავკასიასთან კავშირისათვის. სამიმოსვლოდ ხელსაყრელია ივნ. – აგვ. თვეებში.

მ. უთმელიძე