ბეწენწურები

ბეწენწურები, სოფელი თიანეთის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), ერწოს ქვაბულში. ზ. დ. 1060 მ, თიანეთიდან 34 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.

სოფლის განაპირას შირიმის ქვით შემოსილი დარბაზული ეკლესია დგას. გადახურვა ჩანგრეულია. სამხრ. კარის თავზე ჩასმულია შირიმის მოზრდილი ფილა, რ-ზედაც ორი ნახევარწრიული ლილვით გამოყვანილია დეკორ. თაღი. მის ქვედა ნაწილში დეკორ. ტიმპანია, რ-ზედაც ტოლმკლავებიანი ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიის კარის დეკორ. მოჩარჩოება ემსგავსება იქვე, მასთან ახლოს მდგარ ჟალეთის ეკლესიის (IX–X სს.) კარის დეკორს, რაც საშუალებას გვაძლევს ძეგლი იმავე პერიოდს მივაკუთვნოთ. ეკლესიასთან შემორჩენილია საერთო გალავანში მოქცეული ოთხკუთხა კოშკი და მიწისქვეშა აკლდამა. სოფლის სამხრ-ით, გორაზე, მცირე მოცულობის ნაგებობა – სვიმონის ხატია, რ-იც გვიანდ. შუა საუკ. მიეკუთვნება. შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები დას. და აღმ. კედლები.

ლიტ.: რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  რ., ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე  ბ., ერწო-თიანეთის არქეოლოგიური ექსპედიციის სადაზვერვო მუშაობის შედეგები. ერწოს ქვეყანა, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1978, № 1; ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე  ბ., ივრის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, კრ. 4 – ერწო-თიანეთი შუა საუკუნეებში, თბ., 1982.

რ. რამიშვილი

ბ. ჯორბენაძე