ბეწუკელი ვახტანგ პავლეს ძე (22. II. 1916, სოფ. მერიანეთი, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 19. VI. 1971, თბილისი), პოეტი, მთარგმნელი.
დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1940). მასწავლებლად მუშაობდა სხვადასხვა რ-ნში (1940–43), იყო თიანეთის რ-ნის განათლების განყ-ბის გამგე (1943–45). 1951–60 – „საბლიტგამის“ პოპულარული ლიტ-რის განყ-ბის გამგე, შემდეგ მთავარი რედაქტორი, 1961–71 – გამომც. „საბჭოთა საქართველოს“ მხატვრული თარგმანის განყ-ბის გამგე.
პირველი ლექსები 1939 გამოაქვეყნა. თარგმნა ფ. შილერის „ორლეანელი ქალწული“ და „ფიესკოს შეთქმულება“ (1949), „დონ კარლოსი“, „მარიამ სტიუარტი“ (1952), „ტურანდოტი“ (1957); გამოსცა ი. ვ. გოეთეს სამტომეული (1962–64), მისივე „დრამები“ (1956–69), პოემები, ლირიკა; ჰ. მანის „მეფე ანრი IV სიჭაბუკე“ (I წგ., 1966), ჰ. იბსენის დრამები. ბ-ის რედაქციით გამოვიდა მ. გელოვანის ლექსთა კრებულები (1960, 1964, 1972) და სხვ.