ბეჭდვითი სიტყვა, ფართო და კრებითი მნიშვნელობით – მთელი ბეჭდვითი პროდუქცია, დაბეჭდილ ნაწარმოებთა ერთობლიობა. ბ. ს. როგორც მასობრივი ინფორმაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, სოც. და პოლიტ. ბრძოლის, განათლების მეცნ. ცოდნის გავრცელების, კულტ. განვითარების, მსოფლმხედველობის, საზ. აზრის ჩამოყალიბების მძლავრი იარაღია. ამ საქმის პიონერები არიან ჩინეთი და კორეა. ევროპაში იგი XV ს. შუა წლებში წარმოიშვა.
ბ. ს-ს ქართ. ენაზე საფუძველი ჩაეყარა 1629, როდესაც რომში დაიბეჭდა „ქართულ-იტალიური ლექსიკონი“, რის შემდეგაც ქართ. წიგნების გამოცემა დაიწყო საქართველოში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში (იხ. საგამომცემლო საქმე; წიგნი).
წიგნის გამოცემა განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც გამოიგონეს მოძრავი ლიტერებით აწყობის სტამბური წესი და ფართოდ დაიწყეს საბეჭდ მასალად ქაღალდის გამოყენება. გაზეთების გამოცემა ევროპაში XVII ს. დასაწყისში დაიწყო, ჟურნალებისა – ამავე საუკუნის II ნახევარში. XIX ს-ში შეიქმნა ბ. ს-ის სააგენტოები. პერიოდული ქართ. ბ. ს-ის დასაწყისი დაკავშირებულია 1819 წ. 8 მარტს გამოცემულ „საქართველოს გაზეთთან“, რ-იც 1820–22 „ქართული გაზეთის“ სახელწოდებით გამოდიოდა. ნაბეჭდი პროდუქცია იყოფა რამდენიმე სახედ: არაპერიოდულ (წიგნები და ბროშურები) და პერიოდულ (ჟურნალ-გაზეთები) გამოცემებად, რ-ებსაც, თავის მხრივ, აქვთ სხვადასხვა მიმართულების კლასიფიკაცია.
წიგნადი პროდუქციის კლასიფიკაცია ხდება მიზნობრივი დანიშნულების მიხედვით: სოც.-პოლიტ., მხატვრული, სამეცნ.-საწარმოო, სასწავლო, საცნობარო და სხვა.
გაზეთები შინაარსის მიხედვით იყოფა საერთო-პოლიტ. და სპეციალიზებულ გამოცემებად. საჟურნალო გამოცემების სისტემა მოიცავს ჟურნალებს, ბიულეტენებს და სხვ. შინაარსის მიხედვით იყოფა საზ.-პოლიტ. და სოც.-ეკონ., ლიტ.-მხატვრულ, საბუნებისმეტყველო-მეცნ., ტექ., სას.-სამ. და სხვა გამოცემებად (იხ. პრესა; ჟურნალი; გაზეთი).
შ. გაგოშიძე