ბეჭედი

ბეჭედი, 1. თითზე წამოსაცმელი სამკაული (ძვლის, ქვის, მინისა და სხვადასხვა ლითონისა). ძვ. აღმოსავლეთსა და ანტ. ქვეყნებში გავრცელებული იყო ე. წ. საბეჭდავი ბ. შუაში ამოკვეთილი წარწერით ან გამოსახულებით; ასეთი ბ-ის ანაბეჭდი მისი მფლობელის ხელმოწერას ცვლიდა. ბ-ში ხშირად ჩასმული იყო კამეა.

საქართველოში ლითონის ბ. ბრინჯაოს ხანიდანაა ცნობილი და განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ანტ. პერიოდიდან. ამ დროის სამარხებში ნაპოვნია ფერადი თვლებით, ხშირად გემებითა და კამეებით შემკული ბ-ები. გემიანი ბ. საბეჭდავადაც გამოიყენებოდა. ანტ. და ფეოდ. ხანაში თვლიანი ბ. მეფე-ერისთავთა ერთ-ერთ ინსიგნიას წარმოადგენდა. ასეთი ბ-ის თვალზე ამოჭრილი იყო მისი მფლობელის სახელი, ინიციალები ან ჰერალდიკური ნიშანი და მას ოფიც. საბუთებსა და დოკუმენტებზე ბეჭდის დასასმელად იყენებდნენ.

საქართვ. ეთნოგრ. სინამდვილეში ოქრო-ვერცხლისა და სხვა ლითონის ბ-ები შემორჩა როგორც სამკაულად („სამკაო ბეჭედი“), ისე ცოლქმრობის სიმტკიცის გამომხატველ სიმბოლოდ. საქართვ. მთაში გავრცელებული იყო უპირატესად ადგილობრივად ნაკეთები ვერცხლის უთვლო ბ-ები, მეტწილად მოსევადებულ-მოვარაყებული. ზოგან თვლიან ბ-ს (უმთავრესად სარდიონისას) მაგიურ დანიშნულებასაც მიაწერდნენ და „ავი თვალისაგან“ დასაცავად იკეთებდნენ.

2. ლითონის, ხის ან რეზინის საბეჭდი (მეტწილად ბრტყელი რგოლის ფორმისა), რ-იც იხმარება მასზე პირუკუღმა ამობურცული წარწერისა თუ გამოსახულების აღსაბეჭდად ქაღალდზე, ლუქზე ან ცვილზე. ბ-ის დანიშნულებაა საბუთის ნამდვილობის დადასტურება და ამა თუ იმ საგნის (მაგ., კონვერტის, უჯრის, კარის) ხელუხლებლობის დაცვა. ძვ. ბ-ებს შეისწავლის სფრაგისტიკა. ბ-ები ჰქონდათ მეფეებს, მღვდელმთავრებს, მოხელეებსა და კერძო პირებს. საქართველოში სამეფო კარზე ჰქონდათ დიდი სასიგელე სახელმწ. ბ.; ამის გარდა, სახელმწ. მცირე ბ-ც არსებობდა. XV ს-მდე ხმარობდნენ შეკიდულ ბ-ს (ანაბეჭდი ზონრით იყო შეკიდებული საბუთზე). ბ-ები განსხვავდება ერთმანეთისაგან ლეგენდის (წარწერის) მიხედვით. ზოგიერთ ბ-ზე მფლობელის მხოლოდ სახელია მოხსენიებული, ზოგზე კი – მისი ტიტულიც. ამის გარდა ზედ ამოკვეთილია ვრცელი ლეგენდებიც. ზოგი ლექსადაა გამოთქმული (მაგ., ერეკლე II-ის მეუღლის ბ-ზე: „ვინ არს მიზეზი არსთა მკობისა მან მცა წიაღი დედოფლობისა. დარეჯან“). ერთსა და იმავე პირს შეიძლება რამდენიმე ბ. ჰქონოდა (მაგ., ერეკლე II-ს 8 ბ. ჰქონდა).

ლიტ.: ბ ა რ ნ ა ვ ე ლ ი  ს., საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, [ტ.] 2; ქართული სამართლის ძეგლები, ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1970; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ეხლა, წგ. 3, ნაკვ. 2 - ქართული სიგელთა-მცოდნეობა ანუ დიპლომატიკა, ტფ., 1926, გვ. 70–81.

ი. სურგულაძე

ლ. სოსელია