ბაქო‒ბათუმის ნავთობსადენი, ნავთობის ერთ-ერთი პირველი და უძველესი მილსადენი ამიერკავკასიაში.
ბ.‒ბ. ნ-ით ბაქოს ნავთობი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გავლით საგარეო ბაზარზე გადიოდა. ნავთობსადენის გაყვანის იდეას მხარს უჭერდა რუსი მეცნიერი დ. მენდელეევი. ბაქოს ნავთობის მრეწველთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად თავდაპირველად ააგეს მხოლოდ გადამუშავებული ნავთობპროდუქტების გადასატუმბი ნავთსადენი (1897 – 1907). მისი საერთო სიგრძე 863 კმ იყო (საქართ. ტერიტორიაზე ‒ 441 კმ). გამტარუნარიანობა წელიწადში 60 მლნ. ფუთს ანუ 960 ათ. ტ-ს აღწევდა. ნავთსადენის მშენებლობა 21 მლნ. მან-ზე მეტი დაჯდა. უფრო მოგვიანებით გადაწყდა ახ. ნავთობსადენის გაყვანა ძვ. ნავთსადენის ნავთობსადენად რეკონსტრუქციასთან ერთად. ბ.‒ბ. ნ-ის მშენებლობა დაიწყო 1928 დასაწყისში და დამთავრდა 1930 თებ-ში. 200 მმ დიამეტრის ნავთობსადენი შეიცვალა 250 მმ დიამეტრის, ხოლო შემდგომში 330 მმ დიამეტრის ნავთობსადენით. ბ.‒ბ. ნ-ის საერთო სიგრძემ 822,1 კმ შეადგინა.
საქართვ. ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენის სიგრძეა 370 კმ. ნავთობის ტრანსპორტირება ხდება 6 სატუმბი სადგურის საშუალებით, რ-თაგან სამი საქართვ. ტერიტორიაზეა განთავსებული. ნავთობსადენის გამტარუნარიანობა შეადგენს 5 მლნ. ტ ნავთობს წელიწადში.
მ. ჯიბუტი
ო. მეგრელიშვილი