ბაქრაძე ალექსი, ალექსი ბერი, XIX–XX სს. ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, სასულიერო (მღვდელი) და საზოგადო მოღვაწე.
სამრევლო სკოლის დამთავრების შემდეგ შევიდა თბილ. სას. სემინარიაში, რ-ის ბოლო კურსიდან (როგორც საუკეთესო მოსწავლე) გაგზავნეს მოსკ. სას. აკადემიაში. აკად. დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა ქუთაისში და რუს. გეოგრ. საზ-ბის ხელშეწყობით სვანეთში იმოგზაურა, სადაც შეაგროვა XIV–XVI სს. 100-ზე მეტი ეპიგრაფიკული და დიდძალი ეთნოგრ. მასალა. ბ. იყო „კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოების“ ერთ-ერთი ფუძემდებელი. ქართულის გარდა იგი კარგად ფლობდა ბერძნ., ლათ., რუს., გერმ., ფრანგ. ენებს და ბევრი ნაშრომიც აქვს თარგმნილი. საყურადღებოა მისი ნაშრომი ქართულ გვართა გენეალოგიის შესახებ. ბ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. საისტ. წყაროთა მოძიებაში, რ-ებიც სხვადასხვა სასწ. დაწესებულებას შესწირა. საკუთარი ხელით აქვს გადაწერილი ბევრი ხელნაწერი. ბ. მოითხოვდა სკოლიდან განდევნილი ქართ. ენის აღდგენასა და მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღებას, არსებული სწავლების სისტემის გარდაქმნას დემოკრ. პრინციპებზე. ბ-ის მსოფლმხედველობა კარგად ჩანს 1908 თბილისში გამოცემული მისი ნაშრომიდან „განხილვა ერნესტ რენანის მოსაზრებათა იესო ქრისტეს ცხოვრების შესახებ“, სადაც იგი კრიტიკულ ანალიზს უკეთებს ავტორის ძირითად დებულებებს. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ბ. მუშაობდა „მოგზაურობის დღიურზე“, რ-ის ნაწყვეტებს თბილისში გზავნიდა გამოსაცემად.
ბ. გარდაიცვალა საბერძნეთში, დასაფლავებულია ათონის მონასტერში.
რ. დავიდოვი