ბაქრაძე ვალერიან მინას ძე ( 18. IX. 1901, სოფ. სევა, ახლანდ. ონის მუნიციპ. ‒ 3. IV. 1971, თბილისი), კომუნისტური პარტიისა და სახელმწ. მოღვაწე.
კომპარტიის წევრი 1921-იდან. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1911 თბილ. მუს. ინსტრუმენტების ფ-კაში. 1921 ‒23 წითელი არმიის რიგებში იყო. 1924 აგვ-ში ბ. მონაწილეობდა მუხრანის რ-ნში მოქმედი ქ. ჩოლოყაშვილისა და ლ. ჩიქოვანის რაზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1924–30 მუშაობდა საქ. კპ მუხრანის რაიკომის მდივნად, დუშეთის სამაზრო კომიტეტის მდივნად, ცენტრ. კომიტეტის ინსტრუქტორად, კახეთის საოლქო კომიტეტის მდივნად. 1930–31 სწავლობდა საკ. კპ (ბ) ცკ-თან არსებულ მარქსიზმ-ლენინიზმის კურსებზე. 1931–37 იყო პარტიის ცკ-ის განყ-ბის გამგე, თბილ. მშრომელთა დეპუტატების საბჭოს თავ-რე, საქ. კპ ცკ-ის მეორე მდივანი, 1937–47 ‒ საქ. სსრ მინისტრთა საბჭოს თავ-რე. შემდგომ წლებში მთელ რიგ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა საბჭ. და სამეურნეო აპარატში. II მსოფლიო ომის პერიოდში, 1942–43, იყო ამიერკავკ. ფრონტის 46-ე არმიის სამხ. საბჭოს წევრი. სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქ. სსრ ცაკის პრეზიდიუმის წევრად, კომპარტიის ამიერკავკ. სამხარეო კომიტეტის წევრად. საკ. კპ (ბ) XVIII და XIX ყრილობებზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრობის კანდიდატად.
იყო სსრკ I – III მოწვევების და საქ. სსრ I–III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.
კ. ივანიძე