არეშიძე მამუკა გურამის ძე (დ. 27. XI. 1957,თბილისი), ჟურნალისტი, პედაგოგი, პოლიტოლოგი. საქართვ. პარლამენტის წევრი (1995–99), პოლიტიკური კავკასიოლოგიის ექსპერტი.
1975–81 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტში დრამის სარეჟისორო ფაკ-ტზე (მ. თუმანიშვილის სახელოსნო). 1981–83 თბილ. მოზარდ მაყურებელთა და მეტეხის ახალგაზრდულ თეატრში დადგმული აქვს რამდენიმე სპექტაკლი.1981–87 იყო საქართვ. ტელევიზიის ახალგაზრდული პროგრამების რეჟისორი, 1987–89 – კინორედაქციის მთ. რეჟისორი, 1988–93 – სატელევიზიო პროგრამის „საღამო მშვიდობისას“ წამყვანი და რეჟისორი, 1993–95 – საქართვ. ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემების მთ. რედაქტორი. იყო საქართვ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, კავკ. ხალხებთან ურთიერთობის ქვეკომიტეტის თავ-რე.
2001-იდან დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაციის „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრი“-ს ხელმძღვანელი. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის დამფუძნებელი (2010). 2011-იდან – „თავისუფალი აზრის სახლის“ აღმასრ. დირექტორი. 2013–16 – საქართვ. პარლამენტის ტერიტ. მთლიანობის აღდგენის კომისიის წევრი.2014-იდან არის საქართვ. ტექ. უნ-ტთან არსებული „რეგიონური კვლევების ცენტრის“ დირექტორი. 2016-იდან დღემდე – საქართვ. პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის წევრი.
სხვადასხვა დროს იყო ასევე რადიო „კვირის პალიტრისა“ და რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ (დღემდე) საავტორო გადაცემების წამყვანი. სხვადასხვა დროს ა. ეწეოდა პედ. და კვლევით საქმიანობას შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში, შავი ზღვისა და სტუ-ში. კითხულობს ლექციებს სატელევიზიო ჟურნალისტიკასა და პოლიტოლოგიის დარგში. არის არაერთი სატელევიზიო და თეატრ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი. დოკუმენტური ფილმების ავტორი და თანაავტორი („დრაკონის სინდრომი“, „სამაჩაბლო ცეცხლში“).
ავტორია ნაშრომებისა „დიდი კავკასია“, „პოლიტიკური ისლამი“ და სხვ..
ა-ს მიღებული აქვს სახელმწ. და საერთაშ. ჯილდოები: სახელმწ. პრემია (1983), მოზარდ მაყურებელთა თეატრში განხორციელებული სპექტაკლისათვის „ჩვენებურები“ სახელმწ. პრემია („ხუთწლედის მატიანე“); ჟიურის სპეც. პრიზი დოკ. ფილმისთვის „დრაკონის სინდრომი“ (1991; ბუდაპეშტი, უნგრეთი); საქართვ. სახელმწ. პრემია ჟურნალისტური საქმიანობისათვის (1992); საერთაშ. ორგანიზაცია „წითელი ჯვრის საზოგადოების“ ჯილდო ორგანიზაციის თანამშრომელთა ტყვეობიდან დახსნის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის (1999; ჟენევა, შვეიცარია); ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი საქართვ. ტერიტ. მთლიანობისათვის ბრძოლების ჟურნალისტური გაშუქებისათვის; – ჟურნალისტთა საერთაშ. ფედერ. პრიზი – „ოქროს კალამი“, ჟურნალისტიკაში შეტანილი ღვაწლისათვის (2001).
თ. დოლიძე