ბეხნარი

ბეხნარი, ქვედა პალეოლითური (ადრინდ. ლევალუა-მუსტიეს ეპოქის) ნამოსახლარი სოფ. სკინდორის (ჭიათურის ზონა) ჩრდ-ით. ძეგლი აღმოჩენილია 1957 ყვირილის ხეობის არქეოლ. ექსპედიციის მიერ (ხელმძღვ. დ. თუშაბრამიშვილი). მიწის ზედაპირზე მოპოვებულია ძირითადად ნუკლეუსები და ანატკეც-ლამელები. ნედლ მასალად გამოყენებულია თურონ-სენონის იარუსის მაღალხარისხოვანი მონაცრისფრო და მოყავისფრო ადგილ. კაჟი. გვხვდება ერთფუძიანი, ორფუძიანი, ე. წ. „კუს ჯავშნის“ მოყვანილობის და სხვა სახის ნუკლეუსები, ლევალუას ტიპის ანატკეცები, წვეტანები და ლამელები, მუსტიეური წვეტანები, სხვადასხვა სახის სახოკები, მცირე ზომის ხელცულები, დისკოები, პიკისებური და საჩეხი იარაღები. კაჟის მასალა გამოირჩევა მოყვითალო და მოვარდისფრო ღრმა პატინით.

ლიტ.: თ უ შ ა ბ რ ა მ ი შ ვ ი ლ ი  დ., არქეოლოგიური დაზვერვები მდ. ყვირილას ხეობაში, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1962, ტ. 23B.

დ. თუშაბრამიშვილი