ბეხჩო, ბეხუშე, შუაფეოდალური ხანის ციხესიმაგრე ისტორიულ შიდა ქართლში, მდ-ების პატარა ლიახვისა და ჩაბარუხისწყლის შესართავთან (გორის მუნიციპ.). ისტ. წყაროების მიხედვით, თემურლენგის ლაშქრობის დროს ქსნის ერისთავისა და კათოლიკოსის მთავარი თავდაცვითი პუნქტი იყო.
ნატეხი ქვით ნაგებ ციხის გალავანს კლდოვანი რელიეფის გამო არა აქვს სწორი კონფიგურაცია. გალავანს სამხრეთის მხარეს, ერთი, გეგმით სწორკუთხა, ბურჯი აქვს, დასავლეთის მხარეს – ორი, ხოლო ჩრდილოეთის მხარეს ერთი – ნახევარწრიული ბურჯი. ციხის ფართობი განივი კედლით ორადაა გაყოფილი. ჩაბარუხის ხევში, ბ-ს ციხის დას-ით, რამდენიმე სიმაგრის ნანგრევია, მათგან 3 ზურგიანი კოშკია, ჩრდ-ით 2 კმ-ზე 3 კოშკია. ამგვარად, ბ.-ჩაბარუხის მიდამოები შუა საუკუნეებში ძლიერ გამაგრებულ ადგილს წარმოადგენდა და ქსნის საერისთავოსთვის დიდი სტრატეგიული და ეკონ. მნიშვნელობა ჰქონდა.
ლიტ.: გ ვ ა ს ა ლ ი ა ჯ., პატარა ლიახვის ხეობის ისტორიული ძეგლები, «ძეგლის მეგობარი», 1976–77, № 43–44.
ჯ. გვასალია