ბზა (Buxus), ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა.
მარადმწვანე დაბალი ხეები და ბუჩქებია. მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი უსახური ყვავილები აქვთ. 70-მდე სახეობა გავრცელებულია ტროპ. და სუბტროპ., ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრის კ-ებზე, აფრიკაში, ჩრდ. და ცენტრ. ამერიკაში, ვესტინდოეთში, სამხრ. ევროპასა და მცირე აზიაში.
კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა, მათგან საქართველოში 1 – კოლხური ბ. (B. colchica); ბუჩქი ან 8–10 (18) მ სიმაღლის ხეა. თითქმის ენდემურია კავკასიისათვის. მისი არეალი მოიცავს დას. ამიერკავკასიას (ძირითადად კოლხეთს, აღმ. საქართველოში ეკლესიის ნანგრევების მიდამოებშია სპორადულად შემორჩენილი), კავკასიონის ჩრდ.-დას. ნაწილს, ნაწილობრივ ცენტრ. და აღმ. ამიერკავკასიას (სადაც ხშირად გაველურებულია) და თურქეთს (ლაზეთი). იზრდება ბარსა და მთის ტენიან ხეობებში, ჩვეულებრივ ღრმა კარბონატულ ნიადაგზე, აგრეთვე ქვიან და კლდოვან ადგილებში, ზღვისპირულ ქვიშნარზე, ზ. დ. 1400 (1600) მ-მდე. ტერასებზე და მთის კალთებზე ხშირად ქმნის კორომს – ბზიანს. ჩრდილის ამტანია, ფოთლოვან ტყეში იზრდება მეორე-მესამე იარუსში ან ქვეტყედ. იზრდება ძალიან ნელა; ბუნებრივ პირობებში 100 წლის აღწევს 9 მ სიმაღლეს და 10–12 სმ სისქეს, 500 წლისა – 18 მ სიმაღლეს და 50 სმ სისქეს. საქართველოში მოშენებულია ბ-ის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბ. (B. sempervirens), რ-ის ბაღურ ჯიშებს ფართოდ იყენებენ დეკორ. მებაღეობაში. კარგად იტანს ყოველწლიურ სხვლას და ვარჯის ფორმირებას. რგავენ ეულად, ჯგუფად, ბორდიურად და სხვ.; წვრილფოთოლა ბ. (B. microphylla); იაპონური ბ. (B. japonica) და ბალეარული ბ. (B. balearica). ბ. მრავლდება კალმით, თესლით და გადაწვენით. ზოგჯერ ივითარებს ფესვისა და ძირკვის ამონაყარს. შეკრულ ხეთადგომაში ნაყოფმსხმოიარობას იწყებს 40–60 წლისა, ეულად მდგომი – 15 წლისა. ცოცხლობს 500–600 წელს. მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობისათვის. კავკასიური ბ-ის მერქანი ცნობილია „კავკასიური პალმის“ ან „პალმის ხის“ სახელწოდებით. ბ-ის ფოთლებისა და ტოტებისაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს; ქერქისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ მედიცინაში, შეიცავს (განსაკუთრებით ფოთლები) ალკალოიდ ბუქსინს. თესლში 37%-მდე ზეთია. თაფლოვანია. კოლხური ბ. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.
მ. სახოკია