ბზვანელი გურამ გელას ძე

გ. ბზვანელი 

ბზვანელი გურამ გელას ძე (3. VIII. 1934, თბილისი, – 17. V. 2015, იქვე), კომპოზიტორი, მომღერალი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1983). 1959 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი, 1966 – თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია (ა. შავერზაშვილის საკომპოზიციო კლასი). 1960-იდან ეწეოდა შრომით საქმიანობას. 1969–77 იყო თბილ. პიონერთა და მოსწავლეთა (ახლანდ. მოსწავლე ახალგაზრდობის) სასახლის სამუსიკო ნაწილის ხელმძღვანელი; 1975–87 – თბილ. მინიატიურების სახელმწ. თეატრის სამუსიკო ნაწილის გამგე, 1987–2005 იყო თბილ. მე-3 სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი.

1955 საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის საესტრადო ორკესტრთან (ხელმძღვ. ი. ტუღუში) ბ-ის ინიციატივით ჩამოყალიბდა ვოკალური კვარტეტი (გ. ბზვანელის, შ. ხარაბაძის, თ. ცინცაძის, გ. ბაკურაძის შემადგენლობით), რ-მაც დიდი როლი ითამაშა ანსამბლის ამ სახეობის ესტრადაზე დამკვიდრებასა და შემდგომ განვითარებაში. კვარტეტმა 1957 სტუდენტი ახალგაზრდობის VI მსოფლიო ფესტივალზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა და ამ ფესტივალის ლაურეატი გახდა.

ბ. მრავალი საესტრადო სიმღერისა („ნუკრია“, „ჩავაქრე სანთელი“, „ვედრება“, „დამელოდე“, „პაწაწინა ყვავილები“, „ბულბული“, „მეთევზის სიმღერა“ და სხვ.) და საესტრადო საკრავიერი ნაწარმოების („მზის ჩასვლა ზღვაზე“, „მამალი“ და სხვ) ავტორია. დაწერილი აქვს აგრეთვე სიმფ. (სავიოლინო კონცერტი, სიმფონია, სიმფ. მინიატიურები, ქართ. ჩანახატები), ვოკალურ-სიმფ. (კანტატა „გმირები“, ჯ. ჩარკვიანის ლექსზე; მუს. სურათი „ციური ხმები“, ი. ჭავჭავაძის ლექსზე), კამერულ-საკრავიერი და საგუნდო ნაწარმოებები, თეატრისა და კინოს მუსიკა.

ლ. კაკულია